ვერაზე, 17 წლის ბიჭის მკვლელობისა და 3 პირის დაჭრისთვის დაკავებულ ნიკა კაპანაძეს ბრალს დღეს, სავარაუდოდ, კლინიკაში წაუყენებენ. 22 ივლისს კაპანაძემ ხორავას ქუჩაზე 4 პირი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა, მათგან ერთი არასრულწლოვანი გარდაიცვალა.
42 წლის მამაკაცმა მიმალვა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა ის ცხელ კვალზე აიყვანეს. კაპანაძემ პოლიციას შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც ხელის თითებზე დაზიანება მიიღო.
საქმის მასალებს ჯერ არ გასცნობია მისი ადვოკატი. როგორც კაპანაძის ინტერესების დამცველი ამბობს, სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე, დაკავებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება.
"ჯერჯერობით ბრალდებულის პოზიციები არ ვიცი, საქმის მასალებს არ გავცნობივარ. სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე, როგორც პრაქტიკა და საქმის სიმძიმე გვაჩვენებს, ყველა შემთხვევაში ინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა. თვითონ სისხლის სამართლის საქმე განსაზღვრავს ამას, ვალდებულებაა ამის.
რაც შეეხება იარაღებს, იარაღები, როგორც ვიცი, მას რეგისტრირებული აქვს. ვერ გეტყვით, იყო თუ არა ნასამართლევი წარსულში," - განაცხადა ადვოკატმა, გიორგი აბასნაძემ.