სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. დღეს 5 000 ლარით დაჯარიმდა ვლადიმერ მიქავა, რომელმაც სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა გიორგი ჯაჯანიძეს.
ახმეტის რაიონულმა სასამართლომ განიხილა მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმე, რომელმაც სიძულვილის ენა ირაკლი ჩიმაკაძის მისამართით გამოიყენა. მაჩალიკაშვილი 2 000 ლარით დაჯარიმდა.
"ოქმი შედგენილი იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 73-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის სიტყვიერ შეურაცხყოფას. სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენს ბატონმა მალხაზ მაჩალიკაშვილმა სოციალურ ქსელში. თელავის რაიონულმა სასამართლომ განიხილა აღნიშნული საქმე, ცნო პიროვნება სამართალდამრღვევად და სახდელის სახით განუსაზღვრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით. თავად ესწრებოდა პიროვნება და აღიარა მის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა," - განაცხადა შსს-ის წარმომადგენელმა.
პროცესი გაიმართა ბათუმშიც. ნინო ნადირაძის შეურაცხყოფისთვის სასამართლომ 1 000 ლარით დააჯარიმა მზიური მჟავანაძე.
"საჯარო სივრცეში, კერძოდ, სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა ქალბატონ ნინო ნადირაძეს. აღნიშნული ფაქტი გამოვლინდა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ სამმართველოს მიერ. შსს-ის მიერ წარდგენილი იქნა ყველა უტყუარი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა და შეაფასა წარდგენილი მტკიცებულებები და აღნიშნული პიროვნება ცნო სამართალდამრღვევად. სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
გარდა ამისა, თემურ გორდელნოვის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვინაიდან მან საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა მიაყენა ბატონ ცოტნე ივანიშვილს. აღნიშნული ფაქტიც გამოვლინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ სამმართველოს მიერ, თუმცა აღნიშნული პროცესი გადაიდო," - აღნიშნა შსს-ის წარმომადგენელმა.