23 ივლისი 2026,   15:43
ვრცლად
"ამ ეტაპზე, სტაბილური მდგომარეობაა" - ვერაზე მკვლელობაში ბრალდებულს ოპერაცია ჩაუტარდა

"კურიერმა" ის ადგილი გადაიღო, სადაც ვერაზე მომხდარ მკვლელობასა და დაჭრაში ბრალდებული დააკავეს. ბრალდებულმა დაკავებისას სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია და ხელის თითებზე დაზიანება მიიღო.

ალადაშვილის კლინიკის ექიმის გიორგი ვარშანიძის განცხადებით, პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა და ის ახლა თავს კარგად გრძნობს. მისივე თქმით, ბრალდებული, ბადრაგის მეთვალყურეობით, 24-საათიანი მონიტორინგის ქვეშ იმყოფება.

"სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ შემოყვანილი იქნა 42 წლის მამაკაცი. დაზიანება იყო მარცხენა მტევნის პირველი თითის არეში. ამპუტირებული იყო თითი. მარჯვენა მტევნის არეშიც იყო დაზიანება, თუმცა იქ ზედაპირული ტრავმები იყო პაციენტთან. ჩატარდა შესაბამისი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები. პაციენტი გადაუდებელი დახმარების განყოფილებიდან ავიდა საოპერაციო ბლოკში. იმყოფება ქირურგიულ განყოფილებაში.

ამ ეტაპზე, სტაბილური მდგომარეობაა პაციენტთან. არ ვიცით, იქ რა იყო და რა შემთხვევა არის, როგორ მოხდა და რა მდგომარეობაში მიიღო [დაზიანება], ეს არ ვიცი, ამას ექსპერტიზა დაადგენს. ალყაში არის ბადრაგთან ერთად, 24-საათიანი მონიტორინგის ქვეშ", - განაცხადა გიორგი ვარშანიძემ.

ცნობისთვის, ვერაზე ღამით მომხდარი სროლის დროს დაჭრილი არასრულწლოვანი გარდაიცვალა. სამი პირი დაიჭრა. მათ შორის ერთი გამვლელი ქალია. დანაშაული 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

 

დღის ამბები