23 ივლისი 2026,   12:42
ვრცლად
ორივეს ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება - "ჰელსიკორის" აღმასრულებელი დირექტორი ვერაზე მომხდარი სროლისას დაჭრილ პირებზე

ვერაზე მომხდარი სროლის დროს დაჭრილი ერთი არასრულწლოვანი გარდაიცვალა, სამი დაზარალებული კი კლინიკაში რჩება. მათ შორის მოზარდი და გამვლელი ქალი.

შემთხვევა გვიან ღამით, ხორავას ქუჩაზე მოხდა. პოლიციამ ერთი პირი მალევე დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა დაკავებისას სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია და ხელის თითებზე დაზიანება მიიღო. რამდენიმე ტყვია აქვს ნასროლი ავტომობილს, რომლითაც ახალგაზრდები გადაადგილდებოდნენ. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. ექიმების ინფორმაციით, დაჭრილების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კლინიკა "ჰელსიკორის" აღმასრულებელი დირექტორი, შმაგი ჭიოკაძე განმარტავს, რომ მის კლინიკაში ორი დაჭრილი შეიყვანეს და ორივე მათგანს ოპერაციული მკურნალობა დასჭირდა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის, ორივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

"შემოყვანილი იქნა ჩვენს კლინიკაში ორი ახალგაზრდა ბიჭი, 17-18 წლისანი, ორივეს ესაჭიროებოდა ოპერაციული მკურნალობა. ერთს დაზიანება ჰქონდა მარცხენა მხრის არეში, მეორეს - მარცხენა მტევნის არეში. ორივეს ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა. წარმატებით ჩაიარა ოპერაციამ.

დღევანდელი მდგომარეობით, ორივე მათგანი სტაბილურადაა, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ჯერჯერობით, დარჩებიან კლინიკაში, ვინაიდან ჭრილობა აქვთ. დაველოდოთ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას, მათი მდგომარეობიდან გამომდინარე მოხდება კლინიკიდან გაწერა", - განაცხადა შმაგი ჭიოკაძემ.

დღის ამბები