ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, 21-ე პაკეტის მიღება კვლავ ვერ შეძლო. უკრაინული გამოცემა "ევროპეისკაია პრავდა", ევროკავშირის დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მთავარი უთანხმოება საბერძნეთის მოთხოვნას უკავშირდება.
ათენი მოითხოვს, სანქციების პაკეტიდან ამოიღონ აკრძალვა, რომელიც რუსული თხევადი ბუნებრივი აირის მესამე ქვეყნებში ტრანსპორტირებას ეხება.
გამოცემის ინფორმაციით, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ევროკავშირი 21-ე სანქციების პაკეტზე შეთანხმებას ვერ ახერხებს.
თავდაპირველად, პაკეტს იტალია და ბულგარეთიც ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა მოლაპარაკებების შემდეგ რომმა და სოფიამ ბრიუსელთან შეთანხმებას მიაღწიეს და სანქციების პაკეტის მხარდაჭერაზე დათანხმდნენ.