23 ივლისი 2026,   11:50
ვრცლად
რუსთავში ბავშვთა საზაფხულო სკოლა და სპორტული აკადემია გაიხსნა

რუსთავის მერია კიდევ ერთ საგანმანათლებლო და სპორტულ  პროგრამას ახორციელებს, რომელიც ზაფხულის სეზონზე,  მოზარდებისთვის საინტერესო და აქტიური გარემოს შექმნას ისახავს მიზნად.

რუსთავის ახალგაზრდობის სასახლეში, საზაფხულო სკოლა წელს პირველად გაიხსნა,  სპორტის სასახლე კი ბავშვთა საზაფხულო  სპორტულ აკადემიას, უკვე მეორედ მასპინძლობს.

„რუსთავის მერიის გუნდმა, ჩვენი მოზარდებისთვის კიდევ ერთი საგანმანათლებლო და სპორტული პროექტის განხორციელება დავიწყეთ. ახალგაზრდობის სასახლეში საზაფხულო სკოლა, სპორტის სასახლეში, კი ზაფხულის სპორტული აკადემია გავხსენით.

მიუხედავად იმისა, რომ წლის განმავლობაში ძალიან ბევრ ახალგაზრდულ და მოზარდის განვითარებაზე ორიენტირებულ პროექტს ვახორცელებთ, ზაფხულის დღეები ამ მხრივ ნაკლებად აქტიური გვქონდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ იმ ოჯახებისთვის, რომლებიც ზაფხულს რუსთავში ატარებენ აუცილებლად უნდა შეგვექნა გარემო, სადაც მათ შვილებს დროის საინტერესოდ გატარების შესაძლებლობა ექნებოდათ“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

ახალგაზრდობის სასახლის საზაფხულო სკოლაში მოზარდები სპეციალურად შემუშავებული პროგრამის ფარგლებში შემეცნებით, შემოქმედებით და გასართობ აქტივობებში არიან ჩართულები. პროგრამაში გათვალისწინებულია, როგორც სასკოლო დისციპლინები, ისე არაფორმალური განათლება და სახელოვნებო მიმართულებები.  
პარალელურად, სპორტის სასახლეში, ზაფხულის სპორტული აკადემიაა გახსნილი, სადაც ბავშვებს სპორტული აქტივობები, წარმატებულ რუსთაველ სპორტსმენებთან შეხვედრა და ჯანსაღი გარემო ელოდებათ. 
საზაფხულო სკოლისა და სპორტული აკადემიის სერვისით უკვე 140 რუსთაველი ბავშვი სარგებლობს.

ორივე პროგრამა ბავშვთა განათლების ხელშეწყობის, სპორტის პოპულარიზაციის მიზნით ხორციელდება და  ზაფხულის სეზონის აქტიურად გატარების კარგი შესაძლებლობაა, იმ მოზარდებისთვის, რომლებიც  არდადეგებს რუსთავში ატარებენ.

დღის ამბები