საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი სინგაპურში გრძელდება. ირაკლი კობახიძე სინგაპურში დელეგაციასთან ერთად იმყოფება. ეკონომიკის მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი დღეს ვაჭრობისა და ინდუსტრიის სახელმწიფო მინისტრთან, ასევე ეროვნული განვითარების მინისტრთან გამართავს შეხვედრას, მაკა ბოჭორიშვილი კი სინგაპურის საგარეო საქმეთა მინისტრს და საშინაო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდება.
ირაკლი კობახიძემ უკვე გამართა შეხვედრა ჩანგის საერთაშორისო აეროპორტის აღმასრულებელ დირექტორთან. ყურადღება დაეთმო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შესაძლებლობების გაფართოებას და ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას, რომელიც 20 მილიონ მგზავრზე იქნება გათვლილი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს უკვე უმასპინძლა სინგაპურის პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა. მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობაზე. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავებაზე.