საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრის სინგაპურის ხელმძღვანელ პირებთან გამართული შეხვედრები შეაფასა. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ორივე ქვეყანა დაინტერესებულია თანამშრომლობის შემდგომი განვითარებით, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიმართულებით.
„დღეს შედგა პრემიერ-მინისტრის შეხვედრები სინგაპურის პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან. ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრებზე ვისაუბრეთ პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებზე. ორივე ქვეყანას აქვს ინტერესი, რომ განვავითაროთ თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის, რაც, თავისთავად, ხელს შეუწყობს რეგიონებს შორის თანამშრომლობასა და პარტნიორობას. ეს მნიშვნელოვანია როგორც სინგაპურისთვის, ისე საქართველოსთვის და საქართველოს პოზიციონირებისთვის სამხრეთ კავკასიის რეგიონში და არა მხოლოდ, უფრო ფართო რეგიონშიც,“ - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს, მათ შორის ბიზნესწრეებს შორის კავშირების კიდევ უფრო გაძლიერების მიმართულებით.
„განვიხილეთ საერთაშორისო თანამშრომლობის დღის წესრიგი, სინგაპურსა და საქართველოს შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა და პარტნიორობის განვითარების პოტენციალი, ასევე ბიზნეს და ეკონომიკური კავშირების გაძლიერების შესაძლებლობები. პოტენციალი ნამდვილად არის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაძლიერების და, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები იმისათვის, რომ ეს პოტენციალი სრულად იყოს გამოყენებული. ამისათვის საჭიროა ბიზნეს კავშირების გაძლიერება. ეს ვიზიტი იქნება გამოყენებული სწორედ ამ მიზნებისთვის და შედგება შეხვედრები ბიზნესწრეების წარმომადგენლებთანაც,“ - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა.