შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს და ორი პირი დააკავეს, მათგან ერთ-ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"სამართალდამცველებმა, "სარფის" საბაჟო გამშვები პუნქტისა და ფოთის საზღვაო ნავსადგურში მდებარე გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიებზე, ბრალდებულების კუთვნილი ავტომობილების დათვალიერების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს - 500-მდე საბრძოლო ვაზნა, 2 პნევმატური სპორტული იარაღი, 2 000-ზე მეტი ტყვიის მასრა, 900-მდე მასრის ჭურვი და ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნებისთვის განკუთვნილი 2,5 კილოგრამი დენთი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 19-236-ე და 19-214-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს." - წერია ინფორმაციაში.