აზიური დიდი კაპიტალის კარიბჭე რეგიონში - საქართველოს გეოპოლიტიკური კავშირები გაფართოვდა. მრავალვექტორიანი პოლიტიკის კიდევ ერთი გამოხატულებაა ვიზიტი სინგაპურში. ქალაქი სახელმწიფო, რომელიც 30 წელიწადში ღარიბი პორტიდან მსოფლიოს უმდიდრეს ფინანსურ ცენტრად იქცა. რა აქვთ საერთო საქართველოს და სინგაპურს? პორტების პოტენციალი და სტრატეგიული მდებარეობა. თუ სინგაპურმა გამოიყენა მალაქის სრუტე, საქართველოს მთავარი კოზირი შუა დერეფანია. ერთი ქვეყანა აზია ოკეანეთის საზღვაო გზაჯვარედინია, მეორე კი ევროპა - აზიის დამაკავშირებელი ხიდი. სინგაპურმა აქცენტი მაღალ ტექნოლოგიურ ქვეყანაზე გააკეთა. ახლა საქართველოც ცდილობს დანერგოს მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ლოგისტიკის მოდელი და ანაკლიაც ააშენოს ისეთივე "ლენდ ლორდის" მოდელით, როგორიც მსოფლიოს უდიდეს პორტს აქვს. სინგაპურშიც სახელმწიფო ფლობს მიწას და ინფრასტრუქტურას, ხოლო ოპერირებას ახორციელებენ კერძო კომპანიები.
დღეს სინგაპურში დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი. რა ორმხრივი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესი აქვთ ქვეყნებს? ისევე როგორც სინგაპურში საქართველოს საგადასახადო სისტემაც, მისი სიმარტივისა და დაბალი განაკვეთების გამო ერთ-ერთი
ყველაზე მიმზიდველია მსოფლიოში. საქართველოს, ისევე როგორც სინგაპურს, აქვს ამბიცია გახდეს რეგიონული ჰაბი. სინგაპური აზიის მთავარი კერაა ინოვაციების, ბლოკჩეინისა და ფინანსური ტექნოლოგიებისთვის და ამიტომაც საქართველოს პრემიერს მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის სპიკერის გარდა, შეხვედრები ექნება ფინანსურ და ტექნოლოგიურ გიგანტებთან, რომლებსაც მუდმივად სჭირდებათ ახალი ბაზრები.