პირველი ადგილი მსოფლიოში კეთილდღეობის 13-წლიანი პროგრესით - "ატლანტიკურმა საბჭომ" თავისუფლების და კეთილდღეობის 2026 წლის ინდექსი გამოაქვეყნა. საქართველომ კეთილდღეობის პროგრესით ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა.
თავისუფლების ინდექსით ზომიერი თავისუფლების, კეთილდღეობის ინდექსით კი ზომიერი კეთილდღეობის მქონე ქვეყნის სტატუსი აქვს. საქართველო მსოფლიოს ხანგრძლივი პროგრესის მქონე ქვეყნებს შორისაა. ამ მონაცემების მიხედვით, 2012 წლის შემდეგ, საქართველომ კეთილდღეობის რეიტინგში პოზიცია 21 ადგილით გაიუმჯობესა. შეფასება 6 ინდიკატორს ეფუძნება, მათ შორისაა შემოსავლების დონე, უმცირესობების ინტერესების დაცულობა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და განათლება.
აღნიშნული მონაცემები ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ირინე წაქაძემ შეაფასა.
"ატლანტიკური საბჭოს" მიერ გამოქვეყნებული მონაცემები არ არის მხოლოდ მშრალი სტატისტიკა, არამედ ის აჩვენებს ნებისმიერ ქვეყანაში მჭიდრო კავშირს თავისუფლებისა და კეთილდღეობის მონაცემებს შორის. "ატლანტიკური საბჭოს" ბოლო მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოს აქვს ხელშესახები პროგრესი კეთილდღეობის ინდექსში. ბოლო 13 წლის განმავლობაში, საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა და მან მსოფლიო რეიტინგში 21 ადგილით წინ გადაინაცვლა. ახლა კი მას მხოლოდ ერთი პოზიციით დაწინაურება სჭირდება მაღალი კეთილდღეობის სტატუსის მოსაპოვებლად," - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ირინე წაქაძემ.