ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ 2026 წლის რთველის სამზადისისა და სახელმწიფოს მხარდამჭერი მექანიზმების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ დადგენილი დიფერენცირებული ფასები, ხარისხიანი ყურძნის მოსავლის მიღებას შეუწყობს ხელს.
"ფასების დიფერენციაცია მევენახისთვის მოტივაციაა, აწარმოოს ხარისხიანი ყურძენი. საქართველოში, თუ ვენახი შესაბამის მევენახეობის ზონაშია გაშენებული და სათანადოდ არის მოვლილი, 17%-იანი შაქრიანობის მიღწევა პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. თუ ეს მაჩვენებელი ვერ მიიღწევა, მიზეზი, როგორც წესი, აგროტექნიკური მოთხოვნების დარღვევაა - ზედმეტი მორწყვა, შხამ-ქიმიკატებისა და სასუქების ჭარბი გამოყენება ან ვენახის გაშენება ისეთ ტერიტორიაზე, რომელიც მევენახეობისთვის არ არის რეკომენდებული, მაგალითად, ჭალაში ან მაღალმთიან ზონაში“, - განაცხადა ლევან მეხუზლამ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მოსახლეობისგან ყურძენს დიფერენცირებული ფასებით შეისყიდის. „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ნებადართული ყურძნის ჯიშების შემთხვევაში, თუ შაქრიანობა 20%-ს აღემატება, ერთი კილოგრამის შესყიდვის ფასი 1.30 ლარია, 17%-დან 20%-მდე შაქრიანობის შემთხვევაში - 0.80 ლარი, ხოლო 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის შემთხვევაში - 0.30 ლარი. საფერავის ჯიშის ყურძნის შემთხვევაში, თუ შაქრიანობა 22%-ს აღემატება, ერთი კილოგრამის ფასი 1.50 ლარია, 17%-დან 22%-მდე შაქრიანობის შემთხვევაში - 0.90 ლარი, ხოლო 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის შემთხვევაში - 0.30 ლარი.