20 ივლისი 2026,   21:41
ვრცლად
ესპანეთი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონია

ესპანეთის ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონია.

საფინალო სასტვენი გაისმა.

ნიუ-ჯერსის სტადიონზე უდიდესი საფეხბურთო დრამა დასრულდა.
ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

ფურია როხამ არგენტინა მძიმე ბრძოლაში, 1:0 დაამარცხა. ფურია როხამ ისტორია დაწერა. ესპანეთი გახდა პირველი გუნდი ფეხბურთის ისტორიაში, ვინც ერთდროულად კაცთა და ქალთა მსოფლიო თასებს ფლობს.

მატჩის დასრულებისთანავე მოედანზე ფეხბურთელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ლეანდრო პარედესი ესპანელ მოთამაშეებს ფიზიკურად გაუსწორდა.
კადრებში მისი და ესპანელი ვარსკვლავის, გავის კონფლიქტი ჩანს. პარედესმა საფინალო სასტვენის შემდეგ წითელი ბარათი მიიღო. დაპირისპირების ფარგლებში არგენტინის კიდევ ერთმა მოთამაშემ ესპანელთა სათადარიგო ფეხბურთელს მუცელში მუშტი ჩაარტყა. 1990 წლის ლეგენდარული ფინალის მსგავსად, არგენტინის მცდელობა, დაეცვა ტიტული, ისევ ორი გაძევებით დასრულდა.

ესპანეთის ნაკრებს ოქროს ტიტული ფერან ტორესმა მოუტანა.
გადამწყვეტი გოლი დამატებითი დროს 106-ე წუთზე გავიდა. მეორე ექსტრა ტაიმის დაწყებიდან სულ რაღაც 37 წამი იყო გასული. პედრო პოროსა და ნიკო უილიამსის ბრწყინვალე კომბინაცია ტორესმა უძლიერესი დარტყმით დააგვირგვინა. მან ბურთი არგენტინის კარში გაიტანა.

114-ე წუთზე ტორესმა დუბლიც გააფორმა.
თუმცა VAR-მა მცირე თამაშგარე დააფიქსირა. ესპანეთის მეორე გოლი გაუქმდა. შეგახსენებთ, რომ არგენტინა მანამდე 10 მოთამაშით დარჩა. ენცო ფერნანდესმა წითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. არგენტინის ტაქტიკამ საბოლოოდ არ გაამართლა.

არგენტინის ნაკრები ბოლო წამებამდე სასწაულის მოხდენას ცდილობდა.
117-ე წუთზე ლეო მესიმ კარისკენ დაარტყა, ეს არგენტინელთა პირველი დარტყმა იყო მთელ მატჩში. ბურთი მერინოს სახეში მოხვდა და ფეხბურთელი მოედანზე დაეცა. თამაში მედიკოსების ჩასარევად რამდენიმე წუთით შეჩერდა.

120-ე წუთზე არგენტინას გათანაბრების ოქროს შანსი ჰქონდა. სიმეონეს დარტყმული კუბარსიმ ნახტომით მოიგერია. 122-ე წუთზე კი სიმეონემ ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი კარს გადააცილა. არგენტინამ შანსები დაკარგა.

ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ისტორიაში მეორედ დაეუფლა. არგენტინის ნაკრებისთვის ეს უმძიმესი მარცხია.

მაყურებელს მსოფლიო ჩემპიონატის ყველა დაპირისპირებას "რუსთავი 2" პირდაპირ ეთერში სთავაზობდა.

დღის ამბები