პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე, "რუსთავი 2-თან" საკუთარ პროგნოზებს აკეთებს.
იამალი თუ მესი? - მე ვფიქრობ, რომ იამალს ჯერ დიდი გზა აქვს წარმატებისთვის, მესისთვის კი ღირსეული დასასრული სანაკრებო კარიერისა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ვნახოთ, ბურთი მრგვალია, ფორტუნა ვის მხარეს იქნება. ორივე ნაკრები რომ ღირსეული ფინალისტები არიან, ფაქტია," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
რამდენიმე საათში საფეხბურთო სამყარო ახალ ჩემპიონს გაიცნობს - დიდი სპორტული დღესასწაულის კულმინაციას მილიონობით გულშემატკივარი "რუსთავი 2-ზე" იხილავს. მინიმუმ 90 წუთი, 2 ნაკრები და 1 მთავარი მიზანი - მსოფლიო ჩემპიონატის თასი, რომელსაც ესპანეთში ან არგენტინაში ჩაიტანენ.
დღეს სწორედ ესპანელები და არგენტინელები იბრძოლებენ მსოფლიო ფეხბურთის უმთავრესი ტიტულისთვის - ერთს, მეორე მსოფლიო ჩემპიონობა სურს, მეორეს კი მორიგი მსოფლიო ტიტულის მოპოვება. 2 ღირსეული მეტოქე ტურნირის ფინალამდე დამაჯერებელი თამაშით მივიდა, დღეს კი ორივე გუნდი მოედანზე ერთი მიზნით გადის - სანაკრებო ისტორიაში ახალი წარმატება ჩაიწეროს.
ამერიკის შეერთებული შტატები, ნიუ ჯერსი და MetLife Stadium - შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე იწყება. მთავარი საფეხბურთო წარმოდგენისთვის ემზადება თბილისი და, რაც მთავარია, "რუსთავი 2," რომელიც უკვე 1 თვეა საფეხბურთო რიტმით ცხოვრობს. ქართველ ქომაგებს, სწორედ ჩვენი არხის მეშვეობით შეუძლიათ უგულშემატკივრონ საყვარელ გუნდს, ნებისმიერ ეკრანზე, მათ შორის ფან ზონებსა და სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში. შეკრების ერთ-ერთი ადგილი რესპუბლიკის მოედანია, სადაც "რუსთავი 2-ისა" და თბილისის მერიის ორგანიზებით, დამონტაჟებულია დიდი ეკრანი და მოწყობილია სპეციალური, კვების ზონები.