პარტია "ერთიანი ნეიტრალური" საქართველო რეგიონული წარმომადგენლობების გახსნის კამპანიას განაგრძობს.
რიგით მე-8 რეგიონული ოფისის პრეზენტაცია ოზურგეთში, სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა. ღონისძიებას გურიის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მაცხოვრებლები ესწრებოდნენ.
პარტიის ლიდერებმა ადგილობრივ მოსახლეობას ნეიტრალური სტატუსის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ახალ მსოფლიო რეალობაში საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებისა და ეკონომიკური განვითარებისთვის ოპტიმალური გზა სწორედ ქვეყნის ნეიტრალიტეტზე გადის.
"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" აქტიურად ემზადება 2028 წლის არჩევნებისთვის და გეგმავს, რომ პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს.
პარტიული სტრუქტურების გაძლიერების პარალელურად, "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" გუნდი მუშაობს საარჩევნო პრპგრამაზე, რომელიც მორგებული იქნება თითოეული რეგიონის სპეციფიკაზე.
"ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ პარტიული სტრუქტურების გაძლიერებაზე საქართველოს მასშტაბით. გურიას აქვს უნიკალური შესაძლებლობები, როგორც საზღვაო, ასევე სამთო კურორტები, ტრადიციული სოფლის მეურნეობის დარგები, რომლის აღორძინების შედეგად შესაძლებელია რეგიონი სწრაფად განვითარდეს. ადგილობრივ მოსახლეობაში შევიდეს კეთილდღეობა, ამ ყველაფრისთვის კი, ჩვენ გვჭირდება ნეიტრალური სტატუსი, რომელიც ყველაზე რეალისტური გზაა, რომ ჩვენმა ქვეყანამ შეინარჩუნოს მშვიდობა და სტაბილურობა,"- აცხადებს პარტიის "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი.
პარტიის "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" პოლიტიკური მდივნის ბიძინა გიორგობიანის განცხადებით კი, უახლოეს ერთ თვეში წარმომადგენლობებს იმ დარჩენილ ორ რეგიონშიც გახსნიან, სადაც ჯერ არ აქვთ, ამის შემდეგ კი უკვე რაიონებში ფილიალების გახსნის ეტაპზე გადავლენ.
"ყველა რეგიონული წარმომადგენლობის გახსნის შემდეგ უფრო და უფრო ვრწმუნდებით, რომ "ნეიტრალური საქართველო" როგორც პოლიტიკური პატია სწრაფი ტემპით იზრდება და დიდია ინტერესი თვითონ, როგორც პარტიის ასევე იდეის მიმართ.
მე ვფიქრობ, უახლოეს ერთ თვეში დანარჩენ რეგიონებში სადაც დაგვრჩა (ორი წარმომადგენლობა გვაქვს გასახსნელი) იქაც გავხსნით, შემდეგ კი უკვე გადავალთ რაიონებში წარმომადგენლობის გახსნაზე," - აცხადებს გიორგობიანი.