სტიქიისგან დაზარალებულ თელავში აღდგენითი სამუშაოები გრძელდება. მდინარე თელავისხევის კალაპოტის 14-კილომეტრიანი მონაკვეთის გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
თელავში 12 ივლისის სტიქიის დროს, მდინარე თელავისხევის კალაპოტი ნატანი მასალისგან ჩაიხერგა. კალაპოტიდან გადმოსულმა წყალმა მიმდებარე ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დატბორვა გამოიწვია. მდინარის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოების პარალელურად, ასევე მიმდინარეობს გრუნტით ნაპირსამაგრი გაბიონების მოწყობა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე აცხადებს, რომ გაწმენდითი სამუშაოები ერთ თვეში დასრულდება.
"აქტიურად მიმდინარეობს მდინარე თელავისხევის გაწმენდითი სამუშაოები. ჩვენ ვიმყოფებით 7-კილომეტრიან ლოტზე, საერთო სიგრძეა 14 კმ, სადაც მიმდინარეობს კალაპოტის გაწმენდა და ასევე გრუნტით ნაპირსამაგრი სამუშაოების მოწყობა. კომპანიის თქმით, სამუშაოების დასრულების მაქსიმალური ვადა იქნება ერთი თვე", - აცხადებს კალმახელიძე.