17 ივლისი 2026,   22:30
ვრცლად
მთავრობის მეთაური, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას, მტრულ აქტად აფასებს - ირაკლი კობახიძის განმარტებით, დოკუმენტი გაჯერებულია ცრუ ნარატივებით

მთავრობის მეთაური, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას, მტრულ აქტად აფასებს. ირაკლი კობახიძის განმარტებით, დოკუმენტი ცრუ ნარატივებით არის გაჯერებული და ქართული ოპოზიციის ლობისტის - ჯო უილსონის მიერაა ნაკარნახები. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ჰააგაში მიღებული რეზოლუციით, ეუთო ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ კოორდინირებულ შეტევას შეუერთდა.

ჰააგაში მიღებული რეზოლუცია აბსურდულია ვიცე-პრემიერისთვისაც. მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ დოკუმენტი იმ მიზანმიმართული პიარკამპანიის ნაწილია, რაც მიზნად გეოპოლიტიკიდან საქართველოს როლის წაშლას ისახავს. ამის ნათელი მაგალითი კი შავი ზღვის რეგიონზე გამართული ის მსჯელობებია, სადაც მონაწილეობის მისაღებად საქართველო არ მიიწვიეს. მდინარაძის თქმით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მსგავს პროპაგანდას სააკაშვილის ხელისუფლებაც იყენებდა საკუთარი შეცდომებისა და ტერიტორიების ოკუპაციისთვის ხელშემწყობი გადაწყვეტილებების გასამართლებლად.

მიუხედავად იმისა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ფაქტობრივად, საქართველოს იზოლაციას ითხოვს, ოპოზიცია რეზოლუციას მხარს უჭერს. ხელისუფლების ოპონენტები მთავრობის იმ პოლიტიკასაც აკრიტიკებენ, რომლის გაცხადებული მიზანიც ერთია - ებრძოლოს საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი დარწმუნებულები არიან, რომ ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია საქართველოს წინააღმდეგ კამპანიაში ე.წ. დიფ სთეითის დავალებით ჩაერთო. კანონმდებლების განმარტებით, ჩრდილოვანი მმართველები ქვეყნის სუვერენიტეტის მოშლას და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლას ცდილობენ, რისი მაგალითიც წარსულში ჩავარდნილი არაერთი რევოლუციის მცდელობაა.

ჰააგაში 8 ივლისს მიღებულ დოკუმენტში, ცხადად წერია, რომ მოთხოვნა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების არ აღიარებაა. ეს მაშინ, როცა თავად ეუთო-მ არჩევნები ლეგიტიმურად და კონკურენტულად 2024 წლის 27 ოქტომბერსვე ცნო. ეს ოფიციალური თბილისისთვის იმის მარტივი მაგალითია, რომ მხარდაჭერილი დოკუმენტი არა რეალურ არგუმენტებს, არამედ ინსპირირებულ მოსაზრებებს ეფუძნება, რაც გარე აქტორების მხრიდან ქართველი ხახლის ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

დღის ამბები