17 ივლისი 2026,   22:44
ვრცლად
ეს სერიოზული გზავნილია, ჩვენ ბუნებრივი მოკავშირეები ვართ იმ იდეოლოგიისა, რა იდეოლოგიასაც ადგას დღევანდელი ამერიკის ადმინისტრაცია და რა იდეოლოგიასაც ვდგავართ ჩვენ - თენგიზ შარმანაშვილი ტრამპის წერილზე

სტრატეგიული გადატვირთვა და წერილი თეთრი სახლიდან - დონალდ ტრამპის გზავნილში ყველაფერია: პარტნიორობის გაღრმავება, საერთო პრინციპები, ერთი იდეალებისათვის ბრძოლა, სუვერენიტეტის დაცვისთვის ერთობლივი მუშაობა და საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაცია.

"მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას" - სწორედ ამ ფრაზით სრულდება ტრამპის წერილი, რომელზეც თბილისში შეფასებები უკვე გაკეთდა.

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ ეს წერილი სერიოზული გზავნილია:

"რა თქმა უნდა, ეს სერიოზული გზავნილია. სუვერენიტეტზეც არის ყურადღება გამახვილებული, ანუ, ამერიკის შეერთებული შტატები ხვდება, რომ საქართველოსნაირ ქვეყნებს და მათ შორის, საქართველოს მხარი უნდა დაუჭიროს ამ სუვერენიტეტის განმტკიცებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ძალები, რომლებსაც ხან "დიფ სთეითს" ვეძახით და თვითონაც ასე ეძახიან, ასევე, რადიკალურ ლიბერალურ მიმდინარეობებს, რა თქმა უნდა, ამერიკის პოლიტიკის გატარებას ხელს შეუშლიან, იგივე ევროპის კონტინენტზეც. ჩვენ ბუნებრივი მოკავშირეები ვართ იმ იდეოლოგიისა, რა იდეოლოგიასაც ადგას დღევანდელი ამერიკის ადმინისტრაცია და რა იდეოლოგიასაც ვდგავართ ჩვენ, ჩვენი ხელისუფლება,"- აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.

პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის სახელზე დონალდ ტრამპის წერილი დღეს, 17 ივლისს მოვიდა.

"ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო და მშვიდობიანი მომავლისკენ" - აცხადებს ამერიკა.

თეთრი სახლის წერილი ორი ქვეყნის ურთიერთობებში უმნიშვნელოვანეს აქცენტებს შეიცავს და სერიოზული პოლიტიკური დატვირთვის მატარებელია. "ვაფასებთ იმ პარტნიორთა მეგობრობას, რომლებიც იზიარებენ ჩვენი იდეალებისადმი პატივისცემას." - წერს დონალდ ტრამპი და აცხადებს, რომ ორ ქვეყანას სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი კეთილდღეობის მხარდასაჭერად ერთობლივი მუშაობით მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა შეუძლია. ეს საპასუხო მადლობის წერილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წერილზე, რომლითაც ირაკლი კობახიძემ დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილე მიულოცა.

დღის ამბები