17 ივლისი 2026,   22:54
ვრცლად
სიძულვილის ენის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები ქვეყნის მასშტაბით გრძელდება

სიძულვილის ენის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. სოციალურ ქსელებში შეურაცხმყოფელი კომენტარების ავტორები დღეს ახსნა-განმარტებისთვის თბილისის, ზესტაფონისა და ბათუმის სასამართლოებში დაიბარეს.

განსახილველ საქმეებს შორისაა დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის შეურაცხყოფის საქმე, რისთვისაც მოქალაქე თამაზ კვანტიძეს 1500 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე სასამართლოს გადაეცა ცოტნე ივანიშვილის, შალვა პაპუაშვილის, ვლადიმერ ბოჟაძის, მარიზი კობახიძისა და თამარ ჩერგოლეიშვილის შეურაცხყოფისა და სიძულვილის ენის გამოყენების საქმეები. სავარაუდო სამართალდარღვევის ამ ფაქტებზე სასამართლოები მომდევნო დღეებში იმსჯელებს.

მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით დამატებით კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტმა. ანდრო გურულის განცხადებით, თამაზ კვანტიძემ მის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტი მოინანია. 

"თამაზ კვანტიძემ შეურაცხმყოფელი ფრაზა გაავრცელა სოციალურ ქსელში, სასულიერო პირის მიმართ. თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა აღნიშნული სამართლის დარღვევის ოქმი, პიროვნებამ აღიარა მის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტი, მოინანია და სასამართლო დადგენილებით ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად და განესაზღვრა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით", - განაცხადა ანდრო გურულმა.

დღის ამბები