უკვე მეხუთე დღეა, რაც თელავში სალიკვიდაციო სამუშაოები, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ადგილზე მოხალისეები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ. მობილიზებულია სპეცტექნიკაც. დაწყებულია სათავე ნაგებობებამდე მისასვლელი გზის გაჭრაც, სადაც დამცავი დამბებია მოწყობილი.
ადგილზე ძირითადი სამუშაოები თელავის ხევის კალაპოტის გაწმენდისა და გაფართოებისთვის ტარდება. ადგილობრივი ხელისუფლება და შესაბამისი სამსახურები სამი სოფლის წყალმომარაგების უზრუნველყოფაზე მუშაობენ. სამუშაოები გრძელდება მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელშიც, სადაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაიტბორა.
სტიქიის შესახებ საუბრობს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ადგილზე პირველივე დღეს ჩავიდა. შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ქალაქში არსებულმა პრევენციულმა საშუალებებმა ეფექტურად იმუშავა, ახლა კი, მთავარი ამოცანა დაზიანებული ინფრასტრუქტურის დროული მოწესრიგებაა.
სტიქია კახეთში უხვი ნალექის შედეგად, თელავის ხევის ადიდებამ გამოიწვია. მდინარე კალაპოტიდან გადავიდა და ქალაქის ნაწილი დატბორა. დაზიანდა ინფრასტრუქტურა და ელექტროგადამცემი ხაზები. სამუშაოებში პირველივე დღიდან ჩაერთნენ სპეციალისტები .საგანგებო რეჟიმში შეიქმნა სტიქიის სალიკვიდაციო შტაბიც.