16 ივლისი 2026,   22:18
ვრცლად
საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ ევთანაზიის უფლება დააკანონა - BBC

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ, მკაცრად განსაზღვრული პირობების დაცვით, ევთანაზიის უფლება დააკანონა. კანონპროექტს მხარი საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის 291-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 241 წავიდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრი სებასტიან ლეკორნიუ აპირებს, კანონპროექტის გარკვეული ნაწილები, განსახილველად საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭოს წარუდგინოს, სანამ ის კანონად იქცევა.

ევთანაზიის უფლება ექნებათ ზრდასრულ მოქალაქეებს, რომლებსაც განუკურნებელი დაავადების ბოლო სტადია აქვთ. ევთანაზიის უფლების მისაღებად აუცილებელი პირობაა, მუდმივი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ტანჯვა, რომლის შემსუბუქებაც მკურნალობით შეუძლებელია.

პირს, რომელსაც სურს სიცოცხლის დასრულება, ექიმების კომისიის ნებართვის მიღებისა და გადაწყვეტილების შეცვლის დამატებითი პერიოდის შემდეგ, ინიექციის ორგანიზმში შეყვანა თვითონ მოუწევს.

ექიმს ან ექთანს ინიექციის გაკეთება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ პაციენტს თავად არ შესწევს ამის უნარი.

საფრანგეთი მსოფლიოში მე-11 ქვეყანა გახდა, რომელმაც ევთანაზია დააკანონა. ევროპაში ევთანაზია ასევე ლეგალურია ნიდერლანდებში, ბელგიაში, ლუქსემბურგში, პორტუგალიასა და ესპანეთში.

დღის ამბები