16 ივლისი 2026,   03:07
ვრცლად
თამარ იოსელიანი კერძო სამართლის უნიფიკაციის საერთაშორისო ინსტიტუტის გენერალურ მდივანს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი კერძო სამართლის უნიფიკაციის საერთაშორისო ინსტიტუტის (UNIDROIT) გენერალურ მდივანს, იგნასიო ტირადოს და გენერალური მდივნის მოადგილეს, ანა ვენეციანოს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და მზადყოფნა გამოთქვეს საქართველოსა და UNIDROIT-ს შორის პარტნიორობის გაღრმავებასთან დაკავშირებით.

საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საავიაციო სფეროში მიღწეული პროგრესი იყო. თამარ იოსელიანმა მადლობა გადაუხადა UNIDROIT-ის სამდივნოს კეიპტაუნის კონვენციასა და საავიაციო ოქმთან საქართველოს შეერთების პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის. აღინიშნა, რომ გასულ წელს საქართველო ოფიციალურად შეუერთდა საავიაციო ოქმს, რაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და UNIDROIT-ის მჭიდრო კოორდინაციით გახდა შესაძლებელი.

აღინიშნა, რომ საქართველოში შეიქმნა სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც ეფექტიანად იცავს კრედიტორების, მეიჯარეების, ფინანსისტებისა და საავიაციო სექტორში ჩართული სხვა მხარეების ინტერესებს, რაც ზრდის ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა სარკინიგზო ტრანსპორტის სექტორზეც. ხაზი გაესვა კეიპტაუნის კონვენციის 2007 წლის ლუქსემბურგის სარკინიგზო ოქმის მნიშვნელობას მოძრავი შემადგენლობის დაფინანსებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით.

UNIDROIT-ის წარმომადგენლებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია მთავრობის ხედვაზე საქართველოს ტრანსპორტის სექტორის განვითარების, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში დაგეგმილი ინვესტიციების, ასევე რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზაციის კუთხით განსახორციელებელი გეგმების შესახებ.

შეხვედრას საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე, სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს გენერალური დირექტორი ერეკლე კეჟერაშვილი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გივი დავითაშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ ქაჯაია ესწრებოდნენ.

 

დღის ამბები