მართვის მოწმობები, პასპორტები და უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრის დიპლომები - ქრთამის სანაცვლოდ ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ბრალდებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ოთხი პირი დააკავა. სუს-ის ინფორმაციით, საქმის მასალებში მტკიცებულების სახით დანაშაულის ამსახველი ფარული ვიდეო- და აუდიოჩანაწერები დევს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კორუფციის ბრალდებით კიდევ სამი პირი დააკავა. მათ შორის არიან საჯარო მოხელეებიც, რომლებმაც, გამოძიების ინფორმაციით, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან ქრთამი აიღეს და მათ სახელმწიფოს კუთვნილ მიწებზე სხვადასხვა საქმიანობის პროცესში მფარველობა აღუთქვეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა თანხა მუხის მოჭრისა და სატყეო უბნიდან ხე-ტყის გატანის დაპირების სანაცვლოდაც მიიღეს.
სისხლის სამართლის ერთ-ერთი საქმის ფიგურანტი, საჯარო მოხელე, დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადვოკატმა მოინახულა.
ადვოკატის თქმით, საქმის მასალებს ჯერჯერობით არ იცნობს, ხოლო ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულის პოზიცია ამ ეტაპზე უცნობია. პოზიციის დაფიქსირებისგან თავი სხვა უფლებადამცველებმაც შეიკავეს.
სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე ბრალი უკვე წარედგინათ დმანისის, გურჯაანისა და წალკის მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოების რამდენიმე წარმომადგენელს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ყალბი დოკუმენტების გამოყენებით უკანონოდ დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ 91 564 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს, რის შედეგადაც სახელმწიფოს თითქმის 400 000 ლარის ზიანი მიადგა.
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ამხილა ის პირებიც, რომლებმაც, გამოძიების ინფორმაციით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულეს. ბრალდებულებმა თბილისში რამდენიმე საბავშვო ბაღსა და ბათუმში უფასო სასადილოებს უხარისხო პროდუქცია მიაწოდეს. გამოძიების ცნობით, სხვადასხვა დროს ისინი დაბალი ხარისხის სააღდგომო პროდუქტებითა და სადეზინფექციო საშუალებებით ამარაგებდნენ ობიექტებს, რის შედეგადაც სახელმწიფოს ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ზიანი მიადგა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები სხვა სისხლის სამართლის საქმეებშიც ფიგურირებენ.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, ცხრა რეგიონში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 14 საქმე გახსნა და კორუფციის ფაქტებზე 28 პირი ამხილა. სუს-ში აცხადებენ, რომ კორუფციის პრევენციისა და გამოვლენის მიზნით უკომპრომისო ბრძოლა გრძელდება და ნებისმიერ სამართალდარღვევას მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
ავტორი: ნანა გოგატაძე