14 ივლისი 2026,   22:10
ვრცლად
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია პოლიტიკურ სპექტრში განხილვის თემად რჩება - პრემიერმა დოკუმენტს სიცრუითა და უარგუმენტო მსჯელობით გაჯერებული უწოდა

სიცრუე და უარგუმენტო მსჯელობა, რომელიც რეალურ ევროპულ სტანდარტებთან ახლოსაც არაა - პრემიერ-მინისტრი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას კიდევ ერთხელ აკრიტიკებს. ჰააგის დოკუმენტის სახელით ცნობილ დეკლარაციაში, ასამბლეამ, საქართველოს წინააღმდეგ ჯო უილსონის ინიციატივით შემუშავებული ე.წ. მოსკოვის მექანიზმის ტექსტით იხელმძღვანელა, რაც ირაკლი კობახიძისთვის პოლიტიკური მიკერძოების პირდაპირი მტკიცებულებაა. პრემიერმა დღეს იმ უხილავ ოლიგარქიულ გავლენებზეც ისაუბრა, რომელმაც კონტინენტური ევროპის განვითარების ვექტორი შეცვალა. სწორედ ე.წ. Deep state-ის გავლენას უკავშირებს კობახიძე ეუთო-ს რეზოლუციასაც, რომელიც სუბიექტური პოლიტიკური მიზნებით არის ნაკარნახევი.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას მიკერძოებასა და ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებენ საპარლამენტო უმრავლესობის ის წევრები, რომლებიც ასამბლეაში თავადაც მონაწილეობდნენ. ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია, სამართლებრივი არგუმენტების უარყოფით თავად ინსტიტუტის რეპუტაციას ანგრევს.

იმის მიუხედავად, რომ მოსკოვის მექანიზმით შემუშავებული კვლევის ავტორმა დოკუმენტის არასრულფასოვნებაზე თავად ისაუბრა, თქვა ისიც რომ დასკვნა დაჩქარებულად მომზადდა, ქართული ოპოზიცია ეუთოს რეზოლუციის შინაარსს მაინც უაპელაციოდ იზიარებს.

ოპონენტებს და ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილს საერთო ლობისტური ქოლგის ქვეშ მოიაზრებს მმართველი გუნდი. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ უილსონის კარნახით შედგენილი ტექსტი, შეუძლებელია ობიექტურობის მინიმალურ სტანდარტსაც კი აკმაყოფილებდეს. სახელისუფლებო გუნდმა, დღეს, საზოგადოებას ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მიერ 2024 წლის არჩევნებზე მომზადებული დასკვნაც შეახსენა, რომელსაც დღეს საკუთარი რეზოლუციით ეწინააღმდეგება.

ჰააგის დოკუმენტი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ გასულ კვირას მიიღო. ტექსტის დამტკიცებამდე ქართულმა დელეგაციამ ასამბლეის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

დღის ამბები