ევროპარლამენტმა სადავო საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა, რომელიც ტექნოლოგიურ გიგანტებს - Meta-ს, Google-სა და Microsoft-ს - მომხმარებელთა დაუშიფრავი შეტყობინებებისა და ელექტრონული ფოსტის მონიტორინგის უფლებას 2028 წლის აპრილამდე უხანგრძლივებს.
EUobserver-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილება "საკანონმდებლო ხრიკის" გამოყენებით მიიღეს, მიუხედავად იმისა, რომ დარბაზში კანონმდებელთა უმრავლესობა ამ ინიციატივის წინააღმდეგი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ პირადი საუბრების მონიტორინგი ევროპულ კონფიდენციალურობის კანონმდებლობას, მათ შორის, მონაცემთა დაცვის ზოგად რეგულაციას ეწინააღმდეგება, ევროკავშირმა კომპანიებისთვის გამონაკლისი დაუშვა.
ოფიციალური არგუმენტი არასრულწლოვანთა დაცვა და ბავშვთა სექსუალური ძალადობის მასალების აღმოჩენაა.
კერძო კომუნიკაციების კონტროლის პრაქტიკა 2021 წლიდან, "Chat Control 1.0"-ის სახელით გახდა ცნობილი. მაშინ კომპანიებს მონიტორინგის უფლება ნებაყოფლობით მიეცათ. თუმცა, ევროპარლამენტის ახალი ნაბიჯი ექსპერტებსა და უფლებადამცველებში შეშფოთებას იწვევს, რადგან ის გზას უხსნის უფრო მასშტაბურ ინიციატივას - "Chat Control 2.0"-ს.
პროექტი, რომელიც 2020 წლიდან მზადდება, გაცილებით მკაცრ ზომებს ითვალისწინებს:
გამოცემის ცნობით, შეტყობინებების სკანირება ნებაყოფლობითი აღარ იქნება - კომპანიები, რომლებიც წესს არ დაემორჩილებიან, დაჯარიმდებიან.
ახალი რეგულაცია მიზნად ისახავს "End-to-End" დაშიფვრის მქონე სერვისების WhatsApp, Messenger-ის დაშიფრული ჩატების, ასევე Signal-ის მონიტორინგსაც.
სპეციალისტების განცხადებით, "End-to-End" დაშიფვრა უზრუნველყოფს, რომ ოპერატორსაც კი არ ჰქონდეს წვდომა შეტყობინების შინაარსზე. შესაბამისად, ამ სისტემის "გატეხვა" ან მასზე წვდომის მიღება ევროკავშირში ონლაინ კონფიდენციალურობის პრინციპის დასასრულად ფასდება.