ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაიძაბა - ვაშინგტონმა ირანის პორტების სრული საზღვაო ბლოკადა განაახლა და ბოლო 72 საათის განმავლობაში ირანულ სამხედრო ინფრასტრუქტურაზე სამასზე მეტი საჰაერო იერიში მიიტანა.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, განადგურდა ირანის სანაპირო თავდაცვის სისტემები, ბალისტიკური რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამშვები პოზიციები, საწყობები და ირანის საზღვაო სამხედრო შესაძლებლობები.
ამერიკულ იერიშებს თეირანმა რეგიონში განლაგებულ სამხედრო ობიექტებსა და კომერციულ გემებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმებით უპასუხა. ირანის "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა" დარტყმები განახორციელა აშშ-ის მეხუთე ფლოტზეც. კონფლიქტის გეოგრაფია უკვე გასცდა სპარსეთის ყურეს და აფეთქებების ხმა ერთდროულად რამდენიმე არაბულ სახელმწიფოში - ბაჰრეინში, იორდანიაში, ერაყში, ქუვეითსა და საუდის არაბეთში ისმის.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპი განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის გაძლიერებას გეგმავს და ირანზე სამხედრო ზეწოლას გააგრძელებს.
"ჩვენ წინ მივდივართ. დღეს ღამით მათზე თავდასხმას განვახორციელებთ და ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებულ ყველა შესაძლებლობას გავუნადგურებთ. ვფიქრობ, საბოლოოდ, ყველაფერზე ჩვენ დავამყარებთ კონტროლს. რასაც ისინი აკეთებენ, ძალიან სულელური და უკიდურესად უაზროა. საკუთარ ხალხსაც საშინლად ექცევიან. ჩვენ ისეთი რესურსები და საბრძოლო შესაძლებლობები გვაქვს, როგორიც წლების განმავლობაში არ გვქონია, მათ ძალიან ძლიერად ვურტყამთ. ჰორმუზის სრუტესაც ჩვენ ვაკონტროლებთ. ბლოკადას აღვადგენთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვინც ირანთან საქმიანობს, ჰორმუზის სრუტით ვეღარ გაივლის", - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
საპასუხოდ, ირანის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სამხედრო შტაბის სპიკერმა ებრაჰიმ ზოლფაღარი განაცხადა, რომ თეირანი აშშ-ის ჩარევას ჰორმუზის სრუტის მართვაში არ დაუშვებს და ნებისმიერ მსგავს მცდელობას მკაცრი პასუხით უპასუხებს.
"კიდევ ერთხელ ვაცხადებთ: არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ ამერიკის შეერთებული შტატების ჩარევას ჰორმუზის სრუტის მართვაში. ირანის შეიარაღებული ძალები მკაცრ პასუხს გასცემენ ნებისმიერ მცდელობას, რომელიც კომერციული გემებისა და ნავთობტანკერების გადაადგილებას შეაფერხებს. ეს შეეხება ამერიკის სამხედრო ძალებსაც. თუ ომი რეგიონში გავრცელდება, მისი შედეგები ყველა ქვეყანას შეეხება. რეგიონში უსაფრთხოების გაუარესებასა და კონფლიქტის გაფართოებაზე პასუხისმგებლობა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის პარტნიორებს ეკისრებათ", - აცხადებს ირანის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სამხედრო შტაბის სპიკერი ებრაჰიმ ზოლფაღარი.