14 ივლისი 2026,   14:21
ვრცლად
გერმანიაში "საქართველოს საუკეთესო არაქვევრის ღვინოების" დეგუსტაცია გაიმართა

გერმანის ქალაქ ნიუშტადტში ქართული ღვინის დეგუსტაცია "საქართველოს საუკეთესო არაქვევრის ღვინოები" გაიმართა.

პრესტიჟულ გერმანულ მედია ჰოლდინგთან Meininger თანამშრომლობის ფარგლებში, აღნიშნულ ღონისძიებაზე ქართული ღვინოების ბრმა დეგუსტაცია ჩატარდა, რომელშიც ღვინის ინდუსტრიის პროფესიონალები, კომერციული სექტორის წარმომადგენლები, სომელიიები და ჟურნალისტები მონაწილეობდნენ.

აღნიშნული დეგუსტაციის მიზანი იყო საუკეთესო ქართული არაქვევრის ღვინოების შერჩევა. შედეგები ქულების მიხედვით გამოქვეყნდება სექტემბრის თვეში სპეციალურ სტატიებში ჟურნალებში Weinwirtschaft და SOMMELIERS.

WEINWIRTSCHAFT წარმოადგენს Meininger-ის გავლენიან B2B (ბიზნესი ბიზნესისთვის) ჟურნალს. იგი განკუთვნილია ღვინით მოვაჭრეების, სომელიეებისა და ინდუსტრიის პროფესიონალებისთვის. ჟურნალი ყოველწლიურად ავლენს საუკეთესო ღვინის მაღაზიებსა და სუპერმარკეტების სექტორებს.

SOMMELIER Meininger-ის კიდევ ერთ მაღალპროფესიული და პრესტიჟული ჟურნალია, რომელიც სპეციალურად უმაღლესი კლასის რესტორნების სომელიეებისთვის, რესტორატორებისა და პრემიუმ კლასის სასმელების ენთუზიასტებისთვისაა შექმნილი.

SOMMELIER მაღალი ხარისხის ღვინის კულტურასა და გასტრონომიულ ტენდენციებზეა ფოკუსირებული.

აღნიშნული მარკეტინგული აქტივობა ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და იმიჯის ზრდის დამატებითი შესაძლებლობაა გერმანიის ბაზარზე.

გერმანია ევროპაში ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი აქტივობებისა და ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული თანამშრომლობის შედეგად, შექმნილია ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენცია. მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან გერმანიაში ექსპორტირებულია 784 000 ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22%-ით მეტია.

დღის ამბები