საქართველოს საგარეო ვაჭრობაში მაღალი მაჩვენებლები აქვს. საქსტატის მონაცემებით, ივნისი ექსპორტის თვალსაზრისით ისტორიულად ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა. ქვეყნიდან 771 მილიონზე მეტი ღირებულების პროდუქცია გავიდა, რაც წინა წელთან შედარებით 20 პროცენტზე მეტით გაზრდილი მაჩვენებელია.
ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია ჯამურ მონაცემებშიც. წლის პირველ ექვს თვეში ექსპორტმა თითქმის 4 მილიარდ დოლარს მიაღწია. ექსპორტის ასეთმა მკვეთრმა მატებამ დადებითი გავლენა მოახდინა სავაჭრო დეფიციტზეც, რომელიც გასულ წელთან შედარებით 585 მილიონი დოლარით შემცირდა.
ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ვალუტის გადინება შენელდა. რაც შეეხება მთლიან სავაჭრო ბრუნვას, იანვარ-ივნისში პარტნიორ ქვეყნებთან ვაჭრობამ თითქმის 13 მილიარდ დოლარს მიაღწია.
"საგარეო ვაჭრობის მიმართულებით გრძელდება პოზიტიური ტენდენციები. კერძოდ, ივნისის თვეში, ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება ივნისის თვეებს შორის. ასევე, აღსანიშნავია, რომ იანვარ-ივნისის მაჩვენებლებიც რეკორდულია და ფაქტობრივად, ექსპორტის მოცულობა 3.9 მილიარდ დოლარს აღწევს. უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად, ის შედეგები, რაც საგარეო ვაჭრობის კუთხით და განსაკუთრებით, ექსპორტის მიმართულებით ფიქსირდება, არის საქართველოს მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგი, რომელიც ორიენტირებულია კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდაზე და კერძო სექტორის მხარდაჭერაზე," - აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძე.