13 ივლისი 2026,   17:37
ვრცლად
ევროკავშირი გაფართოების დაპირებიდან გასვლას ცდილობს, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებიდან მეორე დღეს გასცა - შალვა პაპუაშვილი

"მანამ, სანამ ორმხრივი სანქციებს არ დავუწესებთ რუსეთს, არავინ იფიქროს, რომ ვინმე ბრიუსელიდან მოლაპარაკებას გაგვიხსნის", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი გაფართოების დაპირებიდან გასვლას ცდილობს, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებიდან მეორე დღეს გასცა.

"რაც შეეხება კითხვას სხვადასხვა რეიტინგებში საქართველოს ადგილთან დაკავშირებით - როდესაც ობიექტური შეფასებები ხდება, ფაქტია, საქართველო არის ლიდერი. როდესაც არის პოლიტიკური ინტერესები და ქვეყნის დაზიანების სურვილი უცხოელებში, მაშინ ვხედავთ, როგორ კატასტროფას წარმოაჩენენ ხოლმე საქართველოსთან დაკავშირებით.

გვაქვს ურთიერთობა სხვადასხვა ქვეყანასთან, აგერ ახლახან გახლდით კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების შეკრებაზე, სადაც ვისაუბრეთ ბევრ რამეზე, მათ შორის, ევროპულ ინტეგრაციაზე, თუ ვინ სად იმყოფება. აბა იმათი კრიტიკა მოისმინეთ რა დღეში ჰყავთ პოლიტიკურად მოტივირებული წინაპირობების დასახელებით.

მაგალითად, სერბეთს მოლაპარაკების მესამე ე.წ. კლასტერი არ გაუხსნეს, იმიტომ, რომ ბალტიის ქვეყნები ითხოვენ, სანქცია დაუწესონ რუსეთს. ეს იმათ გასაგონად, რომ ამბობენ თითქოს ბრიუსელი ჩვენგან არ ითხოვს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას.

მანამ, სანამ ორმხრივ სანქციებს არ დავუწესებთ რუსეთს, არავინ იფიქროს, რომ ვინმე ბრიუსელიდან მოლაპარაკებას გაგვიხსნის. უკვე 15 თუ 16 წელია ჩრდილოეთ მაკედონია არის კანდიდატი ქვეყანა და დღემდე მოლაპარაკება არ აქვთ გახსნილი. ადამიანები გაკვირვებულები არიან, საკუთარი ქვეყნის სახელწოდებაც კი შეაცვლევინეს, ჩრდილოეთ მაკედონია დაარქმევინეს და პირობა მისცეს, რომ გაგიხსნითო, ეს პირობა დაურღვიეს და დღეს კონსტიტუციის შეცვლას სთხოვენ და ვეღარ გაუგიათ უკვე რა პირობები აქვთ. ბოსნია და ჰერცეგოვინას ჩვენზე ადრე მისცეს კანდიდატის სტატუსი, მოლაპარაკებებს არ უხსნიან დღემდე. უკრაინას საკუთარი ისტორიის გადახედვის გარეშე ნაბიჯს არ გადაადგმევინებენ, ესეც ხომ ფაქტია და თავად უკრაინის ხელისუფლების რეაქციაც ნახეს ამაზე, ეუბნებიან- ისტორია უნდა დაინახოთ არა ისე, როგორც თქვენ, არამედ ჩვენ რომ გეტყვით თქვენი ისტორია როგორ განსაჯოთ, ისე უნდა განსაჯოთო.

სამწუხარო პროცესია, რაც ამ გაფართოების მხრივ მიმდინარეობს. ფაქტობრივად, ევროკავშირი გაფართოების დაპირებიდან გასვლას ცდილობს, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებიდან მეორე დღეს გასცა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები