13 ივლისი 2026,   16:28
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი კაია კალასის განცხადებაზე: ყოველთვის თავს ვიკავებთ კრიტიკული კომენტარებისგან, მაგრამ იქნება თავდასხმა ქართველ ხალხზე ბრიუსელის ნებისმიერი წარმომადგენლისგან? იქნება ადეკვატური პასუხი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას სამარცხვინოსა და ანტიდემოკრატიულს უწოდებს. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ხალხისა და ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნით ევროპელი დიპლომატი ქართველი ხალხის სუვერენიტეტს პატივს არ სცემს და საზოგადოებას უუნარო ბრბოდ მიიჩნევს.

"ნებისმიერი ადამიანი, რომელიც იყენებს ამ ფორმულას - მხარს უჭერს ქართველ ხალხს, მაგრამ მხარს არ უჭერს მის ხელისუფლებას, ეს ადამიანი, პირველ რიგში, არ აღიარებს დემოკრატიას და ამიტომ არის ანტიდემოკრატი, შესაბამისად, კაია კალასის ეს განცხადება არის ანტიდემოკრატიული. მეორე - ეს ადამიანი პატივს არ სცემს საქართველოს სუვერენიტეტს, ქართველი ხალხის სუვერენიტეტს, თავად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება, ამიტომ, კაია კალასი პატივს არ სცემს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს, თავად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება. მესამე - დიახ, კაია კალასის ეს განცხადება პირდაპირ ნიშნავს, რომ ქალბატონ კალასს ქართველი ხალხი მიაჩნია უუნარო ბრბოდ, რომელსაც იმისი უნარიც კი არ აქვს, რომ ჩვენი ხელისუფლება შევარჩიოთ და ქალბატონი კალასის მეურვეობა გვჭირდება და ხელთ უნდა გვატაროს ესტონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა. ამ დონეზე ხედავს ქართველი ხალხის სახელმწიფოებრიობას, რომ ჭკუა გვასწავლოს და გვიკარნახოს, რა არის ჩვენთვის კარგი და რა არა.

ეს სირცხვილია - ეს არის ყველაზე სამარცხვინო განცხადება, რაც პირდაპირ უსვამს ხაზს, თუ რამდენად აცდენილია ქალბატონი კალასი არათუ ევროპულ ღირებულებებს, წარმოდგენაც არ აქვს საერთოდ დემოკრატია რას ნიშნავს. ეს არის დიდი საფრთხე, როდესაც ევროკავშირს დღეს საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს ადამიანი, რომელსაც აქვს ანტიდემოკრატიული აზროვნება. სწორედ ამის გამოა, რომ მას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არც კი ხვდება, ამის გამოა, რომ მას არც რთავენ დიალოგში საერთაშორისო მნიშვნელობით და ამის გამოა, რომ ბოლო პერიოდში დაგეგმილია რეფორმა და გადაკეთება ამ უწყების, ვინაიდან ქალბატონი კალასის დიდი დამსახურებაა ამაში, რომ ასეთი თავქარიანი საგარეო პოლიტიკა აქვს დღეს ევროკავშირს. ასე რომ, კიდევ ერთხელ - ეს არის სამარცხვინო განცხადება. ჩვენ ყოველთვის თავს ვიკავებთ კრიტიკული კომენტარებისგან, მაგრამ იქნება თავდასხმა ქართველ ხალხზე ბრიუსელის ნებისმიერი წარმომადგენლისგან? იქნება ადეკვატური პასუხი," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები