შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის თავდასხმების ესკალაციის ფონზე, ნავთობის ფასები იზრდება. თეირანის მიერ ჰორმუზის სრუტის დახურვის შესახებ გაკეთებული განცხადება კი შეშფოთებას იწვევს - წერს CNN-ი.
Brent -ის ნავთობის ფასი, რომელიც გლობალური საორიენტაციო მარკაა, 3.60%-ით გაიზარდა და ბარელზე 78.70 აშშ დოლარი შეადგინა. აშშ-ის საორიენტაციო მარკა WTI-ის ნავთობის ფასი 3.50%-ით გაიზარდა და ბარელზე 73.92 აშშ დოლარს მიაღწია.
მედიის განმარტებით, ნავთობის ფასები კვლავ მნიშვნელოვნად დაბალია ომის დროინდელ პიკურ ფასებთან შედარებით, როდესაც Brent -ის ნავთობის ფასი ბარელზე 120 აშშ დოლარს აჭარბებდა.
Deutsche Bank-ის ანალიტიკოსები განმარტავენ, რომ აშშ-სა და ირანს შორის დარტყმების გაცვლა "სულ უფრო მეტად ფოკუსირებულია ჰორმუზის სრუტეზე, რაზეც ირანი აცხადებს, რომ სრუტე ფაქტობრივად დაკეტილია და გემებს მისი დახურვის შესახებ აფრთხილებს. მიუხედავად ამისა, აშშ-ის ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ ის ღია რჩება და აქტიურად აცილებენ კომერციულ გემებს".
"დაზიანებული გემების, ჩაჭრილი რაკეტებისა და დრონების, ასევე სპარსეთის ყურეში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შესახებ ცნობები, კონფლიქტის მასშტაბების გაფართოებას უსვამს ხაზს", - აღნიშნულია Deutsche Bank-ის განცხადებაში.