13 ივლისი 2026,   16:56
ვრცლად
"შანხაიში შეგიძლიათ ერთდროულად დაინახოთ წარსული, თანამედროვეობა და მომავალი" - 15 ივლისიდან თბილისიდან შანხაის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები იწყება

15 ივლისიდან თბილისიდან შანხაის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების დაწყება ეკონომიკური თანამშრომლობის, ვაჭრობისა და ტურიზმის გააქტიურების ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ჩინეთის უდიდესი მეგაპოლისი, რომელიც ყოველდღიურად მილიონზე მეტ სტუმარს მასპინძლობს, მოგზაურებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მიმართულებას წარმოადგენს.

ქალაქის მნიშვნელობასა და ტურისტულ პოტენციალზე ჩინეთის ტურისტული სერვისების სათაო ოფისის წარმომადგენელმა ქსუნ ჟანმა ისაუბრა.

"შანხაის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ქალაქი საერთაშორისო ავიარეისების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰაბია ჩინეთში. აქ შეგიძლიათ მოინახულოთ 500 წელზე მეტი ხნის ისტორიის მქონე ბაღები, 400 წელზე ძველი ტაძრები და ამავე დროს, იხილოთ თანამედროვე ჩინეთის სიმბოლო - ცათამბჯენებით სავსე ქალაქი. სწორედ ისტორიისა და თანამედროვეობის უნიკალური შერწყმა აქცევს შანხაის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ქალაქად," - განაცხადა ქსუნ ჟანმა.

შანხაიში ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ, ქვეყნის მდიდარი წარსული და სწრაფად მზარდი თანამედროვეობა ერთდროულად შეიგრძნონ.

მოგზაურებისთვის ჩინეთის კულტურის გაცნობის მნიშვნელობაზე შანხაის ტურისტული კომპანიის წარმომადგენელმა იეჰუა ჩენმა გააკეთა განცხადება.

"თუ ჩინეთში ჩამოსვლას გეგმავთ, მე გირჩევდით, რომ ამ ქვეყნის შესწავლა შანხაით ან პეკინით დაიწყოთ. ჩინეთში ჩამოსვლისას, ყველას სურს მეტი გაიგოს ჩვენი ისტორიის შესახებ. შანხაის შედარებით ახალი ისტორია აქვს, თუმცა აქ ყველაფერი ყოველწლიურად ძალიან სწრაფად იცვლება. ბოლო 30 წლის განმავლობაში ქალაქი ძალიან შეიცვალა. შანხაიში შეგიძლიათ ერთდროულად დაინახოთ წარსული, თანამედროვეობა და მომავალი," - განაცხადა იეჰუა ჩენმა.

დღის ამბები