კარგი მოსავალი ყოველთვის სასიხარულოა, თუმცა ამას ფერმერებისთვის ხშირად ბევრი სირთულეც მოაქვს. ერთ-ერთი ასეთი სირთულე ყოველთვის ფრინველებთან გამკლავება იყო.
ფრინველების პრობლემა ფრინველებითვე გადაწყდა. ეს იდეა პირველად ფოთელ ბაზიერებს, ლევან დობორჯგინიძეს და დავით ჯღამაძეს გაუჩნდათ. ხელოვნურ საფრთხეებს ჩიტები მალე ეგუებიან და შიში უქრებათ, მტაცებელი ფრინველის გამოჩენა კი მათთვის უკვე საგანგაშოა.
მსგავს მეთოდებს ბევრ ქვეყანაში უკვე ბევრი ათწლეულია იყენებენ. ლევანმა პირველი მსგავსი პრაქტიკა საფრანგეთში გაიარა და ამის გამოცდილებაც უკვე ჰქონდა.
როგორც კი საქმეს ბაზიერები შეუდგნენ, შედეგმა არ დააყოვნა. მოსავალი გაიზარდა, დანაკლისმაც იკლო.
სანამ შევარდენს ცაში გაუშვებენ, მას აუცილებლად ჯიპიესს უმაგრებენ. ეს ფაქტობრივად გამორიცხავს ფრინველის დაკარგვას.
იმისთვის, რომ ჩიტების დაფრთხობა შევარდენის ნადირობაში არ გადაიზარდოს, ბაზიერები გარკვეულ შუალედს იცავენ.
შევარდენი სულ ფორმაში უნდა იყოს. ამისთვის საჭიროა მუდმივი ვარჯიში და ეს პროცესი ერთგვარ თამაშსაც მოგაგონებთ. თოკზე გამობმული თალბა, რომელზეც ხორცის პატარა ნაჭერია დამაგრებული, ფრინველისთვის სავარჯიშოცაა და გასართობიც.
ბაზიერობა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ნადირობის ხელოვნება იყო, დღეს საქართველოში უკვე სხვა ფუნქციასაც იძენს. ესაა მოსავლისა და ნარგავების დაცვა. ხშირად ერთი გამოცდილი ბაზიერი და შევარდენის ერთი გამოჩენაც საკმარისია იმისთვის, რომ მთელი წლის მოსავალი გადარჩეს.
ავტორი: გიორგი ქორქია.