თელავში სტიქიის შედეგად შექმნილი ვითარება, მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოები და მომდევნო ეტაპზე გასატარებელი ღონისძიებები განიხილეს სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბის გაფართოებულ სხდომაზე, რომელშიც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მინისტრები, პარლამენტის წევრები და შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოპერატიული შტაბის წევრები სტიქიის ზონაში ადგილზე გაეცნენ მიმდინარე სამუშაოებს და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებისგან გატარებული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს.
სტიქიის ზონაში იმყოფებიან საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, პარლამენტის წევრები ირაკლი ქადაგიშვილი და გელა სამხარაული, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ვაჟა მაღრაძე და შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები.
სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბი თელავში უხვი ნალექის შედეგად გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად ცენტრალური, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფისა და სალიკვიდაციო სამუშაოების ოპერატიული მართვის მიზნით შეიქმნა.