დაახლოებით, ღამის 3 საათზე თელავში ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებული მდინარის ხმამ მოსახლეობა გააღვიძა.
უხვი ნალექის შედეგად თელავის ხევი კალაპოტიდან გადმოვიდა და ცენტრალურ ქუჩებზე ქვა-ღორღი ჩაიტანა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა შეიქმნა კავკასიონის ქუჩაზე. დატბორვის საფრთხის გამო, რამდენიმე ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო.
დაზიანდა ინფრასტრუქტურა, დაინგრა ხიდი, დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი კორპუსები. დაზიანდა გზები, გაზისა და ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემები, რის გამოც ადგილობრივების ნაწილი ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
გარკვეულ მონაკვეთებზე წყალმა ასფალტის საფარი წაიღო, რის გამოც ქალაქში გადაადგილება ნაწილობრივ ამ დრომდე შეზღუდულია. მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აკონტროლებს. მოვარდნილმა ღვარცოფმა სავაჭრო სივრცეებიც დააზიანა.
თელავში სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბი შეიქმნა, რომელმაც პირველი სხდომა გამთენიისას გამართა. სტიქიის ეპიცენტრში მთელი ღამის განმავლობაში, იმყოფებოდა კახეთის სახელმწიფო რწმუნებული.
შესაბამისი სამსახურები დილიდან საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. სალიკვიდაციო სამუშაოებში მძიმე ტექნიკაც ჩაერთო. სტიქიის ზონაში იმყოფებიან ინფრასტრუქტურის, ასევე რეგიონული განვითარების მინისტრები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. სამთავრობო გუნდში ამბობენ, რომ მაქსიმალური მობილიზებაა, რათა ყველა პრობლემა დროულად აღმოიფხვრას.
ამ დროისთვის, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ეტაპობრივად ხდება დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა. პარალელურად კი ზარალის შეფასების პროცესი მიმდინარეობს.