პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა.
სხდომას ესწრებოდნენ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე, საბჭოს მუდმივი წევრები: ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე. ასევე, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი დავით ონოფრიშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი.
სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა საბჭოს წევრებს სადაზღვევო სექტორის 2025 წლის ანგარიში და 2026 წლის 5 თვის შედეგები გააცნო.
სხდომაზე საუბარი შეეხო აღნიშნულ სფეროში არსებულ მიღწევებს, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებს.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, წარმოუდგენელია დასავლური განვითარებული ტიპის ქვეყნის შექმნა განვითარებული სადაზღვევო სექტორის გარეშე. მისი თქმით, საქართველოს აქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, თუმცა სადაზღვევო სექტორი უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე, საშუალოდ, ქვეყნის ეკონომიკა.
„დღეს საქართველოში სადაზღვევო სექტორი 19 კომპანიით არის წარმოდგენილი. სტატისტიკით დასტურდება, რომ სადაზღვევო ბაზარი სტაბილურად და სწრაფად ვითარდება. მისმა ბრუნვამ 2025 წელს 1,411 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 12%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ასევე, შეხვედრაზე განვიხილეთ სხვადასხვა აქტუალური საკითხი, მათ შორის, სადაზღვევო პროდუქტების განვითარების მიმართულებით“, - განაცხადა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.