სიტყვიერი გაფრთხილება, ჯარიმა ან ადმინისტრაციული პატიმრობა - ამ სამი სახის სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან ნებისმიერი შეიძლება დაეკისროს პირს, რომელიც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენას გამოიყენებს.
უკვე მეორე თვეა, სოციალურ ქსელებში დაწერილ შეურაცხმყოფელ კომენტარებს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო ამონიტორინგებს. პარალელურად, დეპარტამენტს თავად დაზარალებული მოქალაქეებიც მიმართავენ.
მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეები სასამართლოში მიდის, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტები განმარტავენ, რომ დეპარტამენტის მიზანი არა ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრება, არამედ სიძულვილის ენის პრევენციაა.
სწორედ სიძულვილის ენის გამოყენების სავარაუდო ფაქტებზე იმსჯელა დღეს ქუთაისის რაიონულმა სასამართლომ. სოციალურ ქსელში დაწერილი შეურაცხმყოფელი კომენტარების გამო, მედიკო სახელაშვილი და კახაბერ მიქაუტაძე მოსამართლემ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო.
ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს, რის გამოც მოსამართლემ მათ სიტყვიერი შენიშვნა მისცა.
ქუთაისის სასამართლომ დღეს კიდევ რამდენიმე ადმინისტრაციული საქმე განიხილა. ბრალდებულთა ნაწილს ფინანსური პასუხისმგებლობა დაეკისრა. 1000-ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს როინ გელაშვილს, რომელმაც შეურაცხყოფა გოგა ხაინდრავას მიაყენა.
პროცესები გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოშიც. ბრალდებულთა ნაწილს სიტყვიერი შენიშვნა მიეცა, ნაწილი კი დაჯარიმდა. საჯარო სივრცეში მოსამართლის მიმართ დაწერილი შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო, ნიკოლოზ დარსანია 4000 ლარით დაჯარიმდა. სოციალურ ქსელში სიძულვილის ენის გამოყენებისთვის, ფინანსური პასუხისმგებლობა დაეკისრათ კახაბერ ფოჩხუასა და ლაშა კილასონიას.
ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი და 3000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა პირს, რომელმაც შეურაცხყოფა პატრიარქს მიაყენა. 1500 ლარით დაჯარიმდა სოლომონ მეტრეველი. 4000 ლარის გადახდა მოუწევს კიდევ ერთ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს, რომლის შეურაცხყოფის ადრესატი მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი იყო.
საჯარო სივრცის მონიტორინგი, სავარაუდო სამართალდარღვევების ფაქტების გამოვლენა და სამართლებრივი საქმეების განხილვა ყოველდღიურად გრძელდება. სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მთავარ მიზნად კი საჯარო სივრცეში მოქალაქეთა შეურაცხყოფისა და ცილისწამების პრევენცია რჩება.
ავტორი: ნანა გოგატაძე