08 ივლისი 2026,   22:49
ვრცლად
ვალერი ზალუჟნი: ნუ ვივარაუდებთ, რომ რუსეთმა ომი წააგო

"ომის მიმდინარეობის შესახებ დასავლეთში არსებული ოპტიმისტური მოლოდინები სახიფათო ილუზიაა", - ასე აფასებს ომის მიმდინარეობასა და დასავლეთის მიდგომებს უკრაინის ყოფილი მთავარსარდალი და დიდი ბრიტანეთში უკრაინის ელჩი ვალერი ზალუჟნი.

TELEHRAPH-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ზალუჟნი ამტკიცებს, რომ რუსეთის დამარცხების შესახებ გავრცელებული მოსაზრებები რეალობას აცდენილია და ომი გამოფიტვის ხანგრძლივ ფაზაშია შესული.

როგორც ზალუჟნი აცხადებს, დასავლელ ანალიტიკოსთა მზარდი ნაწილი ამტკიცებს, რომ რუსეთმა ომი ფაქტობრივად წააგო. ისინი უკრაინის მიერ ლოჯისტიკური კვანძების წარმატებულ დაბომბვას, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებსა და რუსეთის სამხედრო პოზიციების თანდათანობით შესუსტებას იმის მტკიცებულებად მიიჩნევენ, რომ კონფლიქტი დასასრულს უახლოვდება.

ბრიტანეთში უკრაინის ელჩის განცხადებით, ეს ომის სახიფათო არასწორი აღქმაა. ეს ასახავს ტენდენციას, მოვლენები განვიხილოთ ცალკეული საბრძოლო წარმატებების და არა ფართო სტრატეგიული სურათის პრიზმაში. მისი თქმით, თანამედროვე ომი აღარ აჯილდოებს ტაქტიკურ გამარჯვებებს ისე, როგორც ეს ადრე ხდებოდა - დრონების ტექნოლოგიების, მაღალი სიზუსტის დარტყმების შესაძლებლობებისა და მეთვალყურეობის განვითარებამ შეცვალა ბრძოლის ველი, რაც ნებისმიერი მხარისთვის გადამწყვეტი გარღვევის მიღწევას უკიდურესად ართულებს.

"ეს აღარ არის სწრაფი მანევრების ომი. ეს არის გამოფიტვის ომი.

დღეს ყოველი ტაქტიკური მიღწევა არაჩვეულებრივი ფასის გადახდად ღირს. პოზიციების დაკავება შესაძლებელია, მაგრამ მათი შენარჩუნება, გამაგრება და დაჭრილების ევაკუაცია მუდმივი საჰაერო მეთვალყურეობის პირობებში სულ უფრო რთულდება. წარმატება ბრძოლის ველზე იზომება მეტრებით და არა კილომეტრებით - ხშირად, ისეთი ფასით, რომელიც სტრატეგიულ ღირებულებასთან მცირე კავშირშია.

იგივე ითქმის ფრონტის ხაზს მიღმაც. რუსეთის ლოჯისტიკასა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე უკრაინის დარტყმები მოსკოვისთვის რეალურ დანახარჯებს იწვევს,
მაგრამ ეს თავდასხმები ძვირადღირებული, ტექნოლოგიურად რთული და, საბოლოო ჯამში, ორმხრივია. რუსეთი ინარჩუნებს უნარს, უპასუხოს თანაბარი ან მეტი ძალით. ვერცერთი მხარე ვერ დაეყრდნობა ომის ამ ფორმას გადამწყვეტი სტრატეგიული შედეგის მისაღებად.

ბრძოლის ველი, შესაბამისად, მივიდა წონასწორობამდე. რუსეთს არ გააჩნია უკრაინის სრულად დასაპყრობად საჭირო სამხედრო შესაძლებლობები. ანალოგიურად, უკრაინას ამ დროისთვის არ აქვს იმის რესურსი, რომ მხოლოდ ძალის გამოყენებით გაათავისუფლოს ყველა ოკუპირებული ტერიტორია. სამხედრო ბალანსი გადაიქცა „ურთიერთუარყოფის“ მდგომარეობად და არა გადამწყვეტი გამარჯვების.

წააგო თუ არა რუსეთმა? თუ საზომი ისაა, მიაღწია თუ არა კრემლმა თავდაპირველ პოლიტიკურ მიზნებს, მაშინ ნათელია, რომ არა." - ვკითხულობთ სტატიაში.

ვალერი ზალუჟნის განცხადებით, დამარცხება უფრო მეტს მოითხოვს, ვიდრე ამბიციების შეუსრულებლობა. მისი შეფასებით, რუსეთი აგრძელებს ბრძოლას, ოკუპირებული აქვს უკრაინის მნიშვნელოვანი ტერიტორიები და არ გამოუთქვამს ომის ისეთ პირობებით დასრულების სურვილი, რაც დამარცხების აღიარებად ჩაითვლებოდა.

"ვერც უკრაინა აცხადებს ჯერჯერობით სრულ გამარჯვებაზე. კიევმა ხელი შეუშალა რუსეთს მთავარი მიზნების მიღწევაში და სერიოზული ზიანი მიაყენა რუსეთის ეკონომიკასა და სამხედრო ძალას. თუმცა, უკრაინა კვლავ მძიმედ არის დამოკიდებული დასავლურ ფინანსურ დახმარებაზე, სამხედრო აღჭურვილობასა და ტექნოლოგიურ მხარდაჭერაზე, ამასთან, თავად უწევს შიდა ზეწოლის დაძლევა. მოსკოვს ეს ესმის. მისი სტრატეგია ეფუძნება არა სწრაფ წინსვლას, არამედ უკრაინის ეკონომიკურ, სამხედრო და ფსიქოლოგიურ გამოფიტვას. რუსეთს ჯერ კიდევ აქვს ცოცხალი ძალის და ინდუსტრიული შესაძლებლობების უფრო ღრმა რეზერვები რამდენიმე კრიტიკულ სექტორში, მათ შორის ბალისტიკური რაკეტების წარმოებაში. მხოლოდ საჰაერო თავდაცვა ამ უპირატესობას სრულად ვერ გაანეიტრალებს.

სხვა გადამწყვეტი ცვლადი საერთაშორისო მხარდაჭერაა. უკრაინის უნარი, გააგრძელოს ომი, მძიმედ არის დამოკიდებული მოკავშირეების მუდმივ ზურგზე. აქ კი დაძაბულობის შემაშფოთებელი ნიშნებია. ვაშინგტონში მიმდინარე პოლიტიკური ცვლილებები და ევროპაში არსებული განხეთქილება ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს იმის შესახებ, შეიძლება თუ არა დახმარების დღევანდელი დონის განუსაზღვრელი ვადით შენარჩუნება.

დიპლომატიურ სამიტებსა და სოლიდარობის საზეიმო დემონსტრაციებს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ისინი ავტომატურად არ ნიშნავს იმ მდგრად პოლიტიკურ ერთიანობას, რომელიც რუსეთთან ხანგრძლივი დაპირისპირებისთვისაა საჭირო. სწორედ ამიტომ, ომი ვეღარ შეფასდება მხოლოდ ფრონტის ხაზზე გადაადგილებებით. კონტაქტის ხაზი სამხედრო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი რჩება, განსაკუთრებით ნებისმიერ სამომავლო ტერიტორიულ მოლაპარაკებაში, მაგრამ ის უკვე აღარ არის სტრატეგიული წარმატების ერთადერთი განმსაზღვრელი. კონფლიქტი გადაიზარდა შეჯიბრში ლოჯისტიკის, სამრეწველო შესაძლებლობების, კრიტიკული ინფრასტრუქტურის, საჰაერო თავდაცვისა და, საბოლოოდ, საზოგადოების მდგრადობის კუთხით.

ომები, სადაც მხარეები ერთმანეთს ფიტავენ, არ ბადებს გამარჯვებულებს ჩვეულებრივი გაგებით. ისინი წყდება გამძლეობით.

გადამწყვეტი კითხვა არაა ის, თუ ვინ დაიკავებს შემდეგ სოფელს ან გაანადგურებს შემდეგ საბრძოლო საწყობს. კითხვაა - რომელ საზოგადოებას შეუძლია გაუძლოს ხანგრძლივი კონფლიქტის ეკონომიკურ, სამხედრო და ფსიქოლოგიურ ტვირთს და ამავდროულად შეინარჩუნოს საერთაშორისო მხარდაჭერა. ეს განსაზღვრავს, როგორ და როდის დასრულდება ეს ომი. ძალიან ბევრი ანალიტიკოსი კვლავ ფრონტის ხაზის ყოველდღიურ ცვლილებებზეა ორიენტირებული და რისკავს, რომ მხედველობიდან გამორჩეს უფრო ფართო სტრატეგიული რეალობა.

ომის დასასრულის ძიებაში საუბარი უბრუნდება ნატო-ს. უკრაინას აქვს ყველა საფუძველი, დააფასოს ის დახმარება, რაც ნატო-ს წევრებმა გაუწიეს და კვლავ უწევენ. თუმცა, ალიანსისადმი პატივისცემამ ხელი არ უნდა შეუშალოს მისი ხარვეზების პატიოსან შეფასებას. უკრაინაში მიმდინარე ომმა წამოჭრა არასასიამოვნო კითხვები იმის შესახებ, არის თუ არა ნატო აღჭურვილი XXI საუკუნის კონფლიქტებისთვის.

ცენტრალური პრობლემა მხოლოდ სამხედრო შესაძლებლობები არ არის. ეს არის სტრატეგიული კულტურა. ნატო შეიქმნა „ცივი ომის“ პიკზე, როცა მისი უპირველესი მიზანი იყო საბჭოთა კავშირის შეკავება და ბირთვულ სახელმწიფოებს შორის პირდაპირი დაპირისპირების თავიდან აცილება. ესკალაციის არიდება გახდა ალიანსის ორგანიზაციული პრინციპი. ეს აზროვნება დღემდე ღრმადაა გამჯდარი.

ალიანსი კვლავ შეუცვლელია. მაგრამ ინსტიტუტები, რომლებიც ერთი ეპოქისთვის შეიქმნა, ვერ ივარაუდებენ, რომ ავტომატურად შეესაბამებიან მეორეს. ომის ბუნება რადიკალურად შეიცვალა. დრონების ტექნოლოგია, მაღალი სიზუსტის დარტყმები, კიბერომი და ტექნოლოგიური ინოვაციების სწრაფი ტემპი მოითხოვს შეკავებისა და კოლექტიური თავდაცვისადმი განსხვავებულ მიდგომას. უსაფრთხოების არქიტექტურა, რომელიც ძირითადად კრიზისების მართვაზეა აგებული და არა შედეგების ფორმირებაზე, რისკავს, რომ ჩამორჩეს თანამედროვე კონფლიქტის რეალობას.

ევროპის მომავალი უსაფრთხოება საბოლოოდ იქნება დამოკიდებული არა მხოლოდ მათზე, ვინც მზადაა თავი დაიცვას, არამედ მათზეც, ვინც მზადაა, უხელმძღვანელოს კონტინენტისთვის ახალ სტრატეგიულ ხედვას" - ვკითხულობთ სტატიაში.

დღის ამბები