08 ივლისი 2026,   23:54
ვრცლად
რეზოლუცია საქართველოს შესახებ და ქართული დელეგაციის მწვავე პროტესტი - ხელისუფლება ეუთო-ს მიკერძოებულობაზე საუბრობს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ "ჰააგის დეკლარაცია", რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციას შეიცავს, ქართული დელეგაციის მწვავე პროტესტის ფონზე მიიღო. საუბარია დოკუმენტზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ მტრულად განწყობილი სენატორის, ჯო უილსონის მიერ ინიციირებულ ე.წ. მოსკოვის მექანიზმის დასკვნას ეფუძნება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა დღეს რეზოლუცია მწვავედ და არგუმენტირებულად ასამბლეის სხდომაზე გააკრიტიკეს. თქვეს, რომ დოკუმენტის მომზადების პროცესი და მასში გამოთქმული მოსაზრებები ელემენტარულ სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებს და მხოლოდ სუბიექტურ მოსაზრებებს ეფუძნება. იმ ფონზე, როდესაც საზოგადოებამ საქართველოში პროტესტის მონაწილეების მხრიდან სამთავრობო შენობებზე შტურმისა და ძალადობის არაერთი ფაქტი იხილა, კანონმდებლების აზრით, რეზოლუციის შინაარსი სრულად ცალმხრივი და მიკერძოებულია, რაც ევროსტრუქტურების სადამფუძნებლო სტანდარტებს უხეშად ეწინააღმდეგება.

ჯო უილსონის მიერ ინიციირებული ტექსტი რომ ჰააგის დეკლარაციაში მოხვდა, პოლიტიკური მიკერძოებისა და საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების უგულებელყოფის დასტურია პარლამენტის სპიკერისთვის. შალვა პაპუაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა დღეს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის დასკვნის გაბათილების მცდელობაშიც ამხილა. თქვა, რომ ევროპელ ბიუროკრატთა ნაწილი საქართველოს მიმართ კვლავ სუბიექტური, ნეგატიური ინტერესებით მოქმედებს.

საქართველოს საკითხის პარალელურად, ჰააგაში სომხეთსა და მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებსა და იქ გამოვლენილ ხარვეზებზეც იმსჯელეს. ე.წ. მკვდარი სულები, კარუსელები, მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება - ეს დარღვევების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ამ ქვეყნებში ეუთოს მისიის დასკვნაში მოხვდა. მიუხედავად მწვავე კრიტიკისა, სომხეთსა და მოლდოვაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების და ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხი, კითხვის ნიშნის ქვეშ არავის დაუყენებია.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოზიციაც უაპელაციოდ იზიარებენ ქართულ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ მოლდოვა-სომხეთის არჩევნებზე არსებული დარღვევის მიუხედავად, ლეგიტიმურობის საკითხი იქ საქართველოსგან განსხვავებით მაინც არ დგას.

ოპონენტების, ჯო უილსონისა და ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილის მოსაზრება და ხედვები რომ ერთმანეთს ემთხვევა, ამაში ახალი არაფერია მმართველი გუნდისთვის. კანონმდებლების აზრით, სომხეთ-მოლდოვასა და საქართველოს მიმართ გამოჩენილი არათანაბარი მიდგომა ადასტურებს, რომ საპარლამენტო ასამბლეა სუბიექტურ პოლიტიკურ იარაღად გამოიყენება. საქართველო კი, გარკვეული ძალებისთვის კვლავ დასჯის ობიექტად რჩება, რასაც ევროპული სტრუქტურების რეპუტაციაც ეწირება.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 33-ე ყოველწლიური სესია დღეს დაიხურა. დელეგატებმა ჰააგის დეკლარაცია ქართველი კანონმდებლების მწვავე პროტესტისა ფონზე მიიღეს.

დღის ამბები