დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანკარაში, ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვედრა გამართეს.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინას "პატრიოტის" ტიპის რაკეტების წარმოების ლიცენზიას გადასცემს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, უკრაინის ლიდერთან შეხვედრის დასრულებისთანავე, ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარსაც გეგმავს. დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ მოსკოვი და კიევი სამშვიდობო შეთანხმებას გააფორმებენ.
''ჩემთვის დიდი პატივია პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად ყოფნა. ცოტა ხანს ვისაუბრეთ და დროდადრო ტელეფონითაც ვსაუბრობთ. ამას წინათ შესანიშნავი საუბარი გვქონდა, ვფიქრობ, ძალიან პოზიტიურიც იყო. მგონია, რომ კარგი ამბები გვაქვს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მას მშვიდობიანი შეთანხმების მიღწევა სურს და ვფიქრობ, პრეზიდენტ პუტინსაც სურს შეთანხმება.
ახლა გადავწყვიტეთ, რომ კარგი დრო იყო ჩემთვის და პრეზიდენტ ზელენსკისთვის შესახვედრად. ვნახოთ, რის გაკეთებას შევძლებთ, მაგრამ რეალურად ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ძნელი დასაჯერებელია, არა? ოვალურ კაბინეტში ჩვენი შეხვედრიდან დღემდე, ვფიქრობ, ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა.
არა, ეს დასასრული არ არის. შესაძლოა, ეს მხოლოდ დასაწყისია. დიახ, ეს დასაწყისია. იცით, თქვენს ქვეყანას დიდი მომავალი აქვს. ეს არის შესანიშნავი მიწა, უზარმაზარი რესურსებითა და შესანიშნავი ხალხით.
ჩვენ მრავალი ომის დასრულებაში მიგვიღია მონაწილეობა. ეს კი ის ომი იყო, რომლის მოგვარებაც, ვფიქრობდი, ალბათ ყველაზე ადვილი იქნებოდა.
მაგრამ პუტინი რთული ადამიანია და ეს კაციც რთული ადამიანია, ამიტომ ეს სულაც არ არის მარტივი საქმე. აქ დიდი პასუხისმგებლობაა, დიდი ერთგულებაა და ქვეყნების მიმართ დიდი სიყვარული.
თუმცა ვფიქრობ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.''
რუსეთი საინტერესო ქვეყანაა. შესაძლოა, ეკონომიკურად ყოველთვის ყველაზე ძლიერი არ იყოს, მაგრამ სამხედრო ძალა ნამდვილად აქვს. ისტორიულად რუსეთი ყოველთვის ძლიერი სამხედრო სახელმწიფო იყო. ისტორიას გადახედეთ - როდესაც რუსეთთან ომს იწყებ, ხშირად ცუდად მთავრდება.
თუმცა მიმაჩნია, რომ ეს კონფლიქტი შეიძლება დასრულდეს. ამის ნამდვილად მჯერა.
ომებში ხშირად სწორედ მაშინ ჩნდება შეთანხმების შესაძლებლობა, როდესაც ვითარება ყველაზე მძიმე ხდება. არ ვიცი, ახლა სწორედ ასეთი მომენტია თუ არა, მაგრამ მდგომარეობა მუდმივად მძიმეა.''- განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე