თინა ბოკუჩავასა და "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრებს დღეს უფლებამოსილების ვადა ეწურებათ. პარტიაში შიდა არჩევნებისთვის ემზადებიან და აცხადებენ, რომ ყრილობა ერთი თვის ვადაში ჩატარდება. ამ ფონზე კი პარტიაში დაპირისპირება კვლავ მწვავეა, განსაკუთრებით თავმჯდომარის კანდიდატურასა და არჩევის წესთან დაკავშირებით. ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე პროცესებს მმართველი გუნდი ეხმაურება და მას გარე პატრონებთან თავის მოწონების მცდელობად აფასებს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე შიდა გადაადგილებები მათთვის საინტერესო არ არის.
"მიუხედავად იმისა, ვინ იქნება თავმჯდომარე, "ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის დარჩება ნაცების პარტიად, მათ განაყარებთან ერთად. ახლა, უბრალოდ, ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა ამ ქვეყნის მოღალატეობრივ ნაბიჯებზე ხელმომწერი პირების, თავიანთ პატრონებთან თავის მოწონების მცდელობებს - გარე პატრონები იგულისხმება, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა. შესაბამისად, საერთოდ არ არის საინტერესო ამ სერიალის გაგრძელებები," - აცხადებს არჩილ გორდულაძე.