ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდი გამოდის წინადადებით, რომ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით შეიქმნას "კავკასიური კონსორციუმი" და ანაკლიის მართვა საერთაშორისო ოპერატორს გადაეცეს.
ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრმა, გრიგოლ გეგელიამ ბრიფინგზე განაცხადა.
ანტიქართული და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი - ასე აფასებს ქართული ოცნება ლელოს ინიციატივას, მათი შეფასებით ლელოს სურვილი ქვეყნის სტრატეგიული და უმნიშვნელოვანესი ობიექტები უცხოელებმა მართონ, ბევრ რამეზე მეტყველებს.
"ლელო - ძლიერი საქართველო" ამბობს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი უნდა გახდეს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივი სტრატეგიული პროექტი. ჩვენი წინადადებაა, სამი ქვეყნის მონაწილეობით შეიქმნას ერთობლივი "კავკასიური კონსორციუმი," ხოლო პორტის მართვა გადაეცეს მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ოპერატორს. ამავდროულად, ანაკლიის თავისუფალი ეკონომიკური ზონა ღია უნდა იყოს ამერიკული, ევროპული და ყველა იმ საერთაშორისო პარტნიორისთვის, რომელიც პატივს სცემს საქართველოს სუვერენიტეტს და მზად არის, მონაწილეობა მიიღოს რეგიონის მშვიდობიან განვითარებაში," - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.