საქართველოს სახელმწიფო ანაკლიის პორტზე, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაზე, ყველა ფუნდამენტურ უფლებას შეინარჩუნებს. "ლენდლორდის" მიდგომით ნავსადგურის მშენებლობა აპრობირებული მეთოდია, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო პორტის ერთადერთი იურიდიული მფლობელია, აზღვევს რისკებს, აშენებს ინფრასტრუქტურას და ინვესტორებთან ერთად ზრუნავს ბიზნესის განვითარებაზე.
თავის მხრივ, დაინტერესებული კერძო ოპერატორები ტერმინალებს გრძელვადიანი იჯარით მიიღებენ, მოაწყობენ ინფრასტრუქტურას და მონაწილეობას მიიღებენ პორტის მართვაში. ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, ღრმაწყლოვანი ნავსადგური, საქართველოს, როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი რგოლის როლსა და სატრანზიტო პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის.
ეკონომიკის მინისტრმა დღეს საზოგადოებას გადაწყვეტილების მოტივიც გააცნო. მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევებისა და ახალი დღის წესრიგის ფორმირების ფონზე, საქართველოს, როგორც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დამაკავშირებელი კორიდორის ფუნქცია იზრდება, რასაც ბოლო წლების განმავლობაში გაზრდილი ტვირთბრუნვაც ადასტურებს.
ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ "ლენდლორდის" მიდგომა სახელმწიფოს პორტის მშენებლობის პროცესში რამდენიმე საერთაშორისო პარტნიორის ერთდროულად ჩართვის შესაძლებლობას მისცემს, ხოლო ნავსადგურის 100-პროცენტიანი წილი საქართველოს საკუთრებაში დარჩება.
ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა და მისი სრული დატვირთვით ფუნქციონირება დამატებით სატრანსპორტო კვანძებსაც საჭიროებს. უკვე დასრულებულია ანაკლიამდე მისაყვანი სარკინიგზო ხაზის პროექტირება. 18 და 40-კილომეტრიანი ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა ტვირთის გამტარუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
ანაკლიის პორტის მშენებლობის სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული მოდელი პოზიტიურად შეაფასეს საქართველოს ბიზნესასოციაციაში. მსხვილი ბიზნესი მიიჩნევს, რომ "ლენდლორდის" მოდელი ინვესტორების ანაკლიის მიმართ ინტერესს გაზრდის, რადგან სახელმწიფოს თანამონაწილეობა ხარჯების დაზოგვასთან ერთად რისკების დაზღვევასაც ნიშნავს.
პორტის ახალი მოდელით მშენებლობას მისაღებად მიიჩნევს ჩინეთის ელჩიც. დიპლომატმა დღეს ჩინური კომპანიების მხრიდან ნავსადგურით დაინტერესებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პარტნიორს საქართველოს სტრატეგიული ინტერესები ესმის და მათ გაგებით ეკიდება.
ანაკლიის ნავსადგურთან დაკავშირებით კრიტიკულია ოპოზიცია. პორტის ყოფილი ინვესტორების პარტიაში, რომლებმაც მშენებლობა ვერ შეძლეს და შემდგომ საქართველოს წინააღმდეგ ყველა საერთაშორისო არბიტრაჟი წააგეს, აცხადებენ, რომ ხელისუფლებას ანაკლიის პროექტის განხორციელება არ სურს, თუმცა შესაბამისი არგუმენტები ვერ მოჰყავთ.
ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდის მხრიდან ანტისახელმწიფოებრივ მიდგომაზე საუბრობენ მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ანაკლიის სტრატეგიული პორტის მშენებლობის ახალი მოდელი ეროვნულ ინტერესებთან სრულ თანხვედრაშია. შუა დერეფნის ფუნქციის სრული დატვირთვით ამუშავება კი ქვეყანას, ფინანსურთან ერთად, უსაფრთხოებისა და სოციალური კუთხითაც მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს.
საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის აქტიურ ფაზას უახლოეს მომავალში დაიწყებს. პორტი „ლენდ ლორდის“ მოდელით, სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება და, სავარაუდოდ, სრულად 2032 წლიდან დაიტვირთება.