07 ივლისი 2026,   00:50
ვრცლად
გაეროს გლობალური დიალოგი ხელოვნური ინტელექტის შესახებ - მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში სიტყვით გამოვიდა

"ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ" გლობალურ დიალოგზე დასასწრებად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. პლატფორმა მთავრობებს, კერძო სექტორსა და აკადემიურ წრეებს აერთიანებს. ხელოვნური ინტელექტი რეალურ შესაძლებლობებთან ერთად ახალ გამოწვევებსაც ქმნის, სწორედ ამიტომ შეიქმნა გაეროს შესაბამისი ფორმატიც.

გლობალური დიალოგის პირველი სესია სახელმწიფოების ლიდერების მიმართვებით გაიხსნა. საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად საზოგადოებრივ გამოწვევებზეც გაამახვილა. მიხეილ ყაველაშვილის შეფასებით, ხელოვნური ინტელექტის განვითარება, პირველ რიგში, ადამიანის ღირსების, ფუნდამენტური უფლებებისა და ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემას უნდა ეფუძნებოდეს.

საერთაშორისო თანამეგობრობის კოორდინირებულ მიდგომას კი, მისი თქმით, გადამწყვეტი როლი ეკისრება.

"ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ" გაეროს საინაუგურაციო გლობალური დიალოგის სამიტი წელს პირველად გაიმართა. ხელოვნური ინტელექტის პოტენციალზე მეცნიერების, ჯანდაცვის, განათლებისა და ინოვაციების განვითარების მიმართულებით ბევრს საუბრობენ. გაეროს გენერალური მდივნის განცხადებით, ხელოვნური ინტელექტის ეფექტიანი მართვა აუცილებელია.

გაეროს "ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ" გლობალური დიალოგის ფარგლებში ჟენევაში საქართველოს პრეზიდენტი გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა. გლობალური უსაფრთხოების გარემო, საერთაშორისო გამოწვევები და საქართველოსა და გაეროს შორის არსებული თანამშრომლობა შეხვედრის მთავარი თემები იყო. მიხეილ ყაველაშვილმა ანტონიო გუტიერეში საქართველოში ოფიციალურად მოიწვია.

ჟენევაში სხვადასხვა თემატური სესია, დისკუსია და ღონისძიებაა დაგეგმილი. საქართველოს პრეზიდენტი გაეროს "ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ" გლობალური დიალოგში ანტონიო გუტიერეშის მიწვევით, მეუღლესთან ერთად მონაწილეობს.

შვეიცარიაში, გაეროს მიერ დაფუძნებული და ორგანიზებული ფორუმის ფარგლებში, ღონისძიებები ორი დღის განმავლობაში გაიმართება.

დღის ამბები