"დღევანდელმა ვიზიტებმა აღნიშნულ სტრატეგიულ ობიექტებზე აჩვენა, რომ უზბეკეთისთვის აუცილებელია მონაწილეობა ამ სტრატეგიული ობიექტების განვითარებაში - ზოგადად, ყოფნა ამ ინფრასტრუქტურულ პროექტებში", - განაცხადა უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრმა საქართველოში ვიზიტის შეფასებისას.
ილხომ მახკამოვი აღნიშნავს, რომ ვიზიტის ფარგლებში, მიღწეულია შეთანხმებები ელექტრონულ სანებართვო მოწმობებზე გადასვლასა და დერეფნის გამჭოლ ტარიფებზე.
"გამჭოლი ტარიფების შემოღება საშუალებას მოგვცემს, განვავითაროთ ის სარკინიგზო მარშრუტები, რომლებიც გადის უზბეკეთზე და, ასევე, საქართველოზე. დღეს უზბეკეთი აქტიურად მუშაობს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის რკინიგზის მშენებლობაზე. ეს საშუალებას მოგვცემს, გავზარდოთ დამატებითი მოცულობები, რაც ეტაპობრივად წავა შუა დერეფნის მხარეს. ამიტომ, კოლეგებთან შევთანხმდით, რომ უკვე ახლავე დავიწყებთ მზადებას იმ დიდი მოცულობის ტვირთებისთვის, რომლებიც შუა დერეფნის მეშვეობით გაივლის," - აცხადებს ილხომ მახკამოვი, უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრი.
მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ უზბეკეთის ვაჭრობისა და ტრანსპორტის მინისტრებს უმასპინძლა და ანაკლიისა და ფოთის საპორტო ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა. ვიზიტის ფარგლებში, უზბეკეთის დელეგაცია დაგეგმილ პროექტებს გაეცნო, რა დროსაც განსაკუთრებული ხაზი შუა დერეფნის განვითარების პროცესში საქართველოს პორტების სრულ მზაობას გაესვა.