04 ივლისი 2026,   02:44
ვრცლად
გამკაცრებული კონტროლი გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ - ბოლო 6 თვეში, ტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 4 600-მდე ფაქტი გამოვლინდა

ატმოსფერული ჰაერის  დაცვა და დაბინძურების მინიმუმამდე დაყვანა - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მონიტორინგს აგრძელებს.

ბოლო 6 თვეში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 4 600-მდე ფაქტი გამოვლინდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟმა მძღოლი იმის გამო გააჩერა, რომ მის ავტომობილს ხილული გამონაბოლქვი ჰქონდა. მანქანა სპეციალური მოწყობილობებით შეამოწმეს და გაირკვა, რომ სატრანსპორტო საშუალება გარემოს აბინძურებდა.

შემოწმების შედეგების საფუძველზე შესაბამისი აქტი შედგა და სამართალდარღვევისთვის მძღოლი დაჯარიმდა.

ჯარიმდება ყველა, ვისი ავტომობილიც ხილულ გამონაბოლქვს უშვებს და გარემოს აბინძურებს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ და მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ.

დღეს სამართალდარღვევების სტატისტიკაც გასაჯაროვდა. ირკვევა, რომ ბოლო ექვს თვეში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 4575 ფაქტი გამოავლინეს.

მათგან 2699 სამართალდარღვევა თბილისში გამოვლინდა, 821 - ბათუმში, 694 - ქუთაისში, ხოლო 361 - რუსთავში. დაჯარიმებულია 3982 ფიზიკური და 593 იურიდიული პირი. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა იზრდება.

გამკაცრებული მონიტორინგის მიზანი გარემოს დაბინძურების პრევენციაა. შედეგების გაუმჯობესებისთვის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა კონკრეტული ნაბიჯები გადადგა - განახლდა და გაიზარდა ეკიპაჟების რაოდენობა, გაფართოვდა მონიტორინგის არეალი და მოწმდება გაცილებით მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალება.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილულ გამონაბოლქვს 2023 წლის სექტემბრიდან მუდმივად ამოწმებს.

დღის ამბები