საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თეირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო, სადაც საერთაშორისო ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა, სადაც მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, დეესკალაციის მნიშვნელობა და ორ ქვეყანას შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობები განიხილეს.
"თეირანში ვიზიტის ფარგლებში, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას რეგიონისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად დავესწარი.
ვიზიტის ფარგლებში, ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს შევხვდი. კიდევ ერთხელ გამოვხატე სამძიმარი ირანში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო და პატივი მივაგე დაღუპულთა ხსოვნას.
შეხვედრისას აღვნიშნე, რომ საქართველო მხარს უჭერს ყველანაირ ძალისხმევას, რომელიც რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და დეესკალაციის მიღწევას ემსახურება.
ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები პატივისცემასა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებას ეფუძნება. პრეზიდენტ ფეზეშქიანს მადლობა გადავუხადე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
დარწმუნებული ვარ, კეთილმეზობლობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა მომავალშიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების განვითარებასა და ჩვენი რეგიონის სტაბილურ და მშვიდობიან მომავალს." - წერს მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.