საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. ერთობლივ დეკლარაციას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა შავკატ მირზიოევმა მოაწერეს.
ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებების შემდეგ, საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის შესაბამის უწყებებს შორის ასევე გაფორმდა მემორანდუმები ეკონომიკის, ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლების და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.
გაფართოებულ შეხვედრამდე გაიმართა ირაკლი კობახიძისა და შავკატ მირზიოევის პირისპირი შეხვედრა.
ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ, საბაჟო მიმართულებით ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში, შესაძლებელი გახდება ინფორმაციის გაცვლა, რაც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის საბაჟო უწყებებს შორის ეფექტიან კოორდინაციას.
"საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები, რომლებიც მოიცავს საფინანსო და საბაჟო სფეროში თანამშრომლობას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდა, ასევე, საფინანსო სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით, რაც ჩვენს ქვეყნებს საშუალებას მისცემს, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიცაა: საბიუჯეტო დაგეგმვის პროცესი, საჯარო ფინანსების მართვის საკითხები. ამ მიმართულებით საქართველოს მსოფლიოში აქვს მოწინავე პოზიციები. საქართველო ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსით, არის მსოფლიოში ნომერ პირველი ქვეყანა, ასევე, ძალიან მოწინავე პოზიციები აქვს საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის მიმართულებით, რაც საშუალებას მისცემს ჩვენს უზბეკ კოლეგებს, გაიზიარონ რეფორმის შედეგები და ერთობლივად მოხდეს აღნიშნულ თემებზე მუშაობა“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.