02 ივლისი 2026,   22:00
ვრცლად
ევროპარლამენტი საქართველოსა და თურქეთს დემოკრატიული უკუსვლის გამო აკრიტიკებს - საქართველოს შესახებ უარყოფითი ანგარიში რასა იუკნევიჩიენეს, თურქეთის შესახებ კი ნაჩო სანჩეს ამორის განცხადებებს ეფუძნება

საქართველო და თურქეთი: ევროკავშირში გაწევრიანების პროგრესი რეფორმების გარეშე არ იქნება, - ამის შესახებ ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ.

ევროპარლამენტის წევრები ორივე ქვეყანაში დემოკრატიულ უკუსვლაზე საუბრობენ და რეფორმების გატარებისა და ევროკავშირის მხრიდან უფრო ძლიერი რეაგირების საჭიროებაზე მიუთითებენ.

ევროპარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოსთან ევროკავშირის შემდგომი თანამშრომლობა უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, შეცვლის თუ არა ხელისუფლება თავის ანტიევროპულ კურსს.

"საქართველოში დემოკრატიული უკუქცევის სერიოზული გაგრძელების გათვალისწინებით, ევროპარლამენტარები სინანულს გამოთქვამენ, რომ მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ არანაირი ნაბიჯი არ გადადგა ნეგატიური ტენდენციების შესაჩერებლად. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების ჩართულობა საქართველოს ხელისუფლებასთან მკაცრად უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, გადადგამს თუ არა ხელისუფლება დემოკრატიული უკუქცევის, შეზღუდვებისა და რუსული სტილის სასტიკი ევროკავშირის საწინააღმდეგო დეზინფორმაციის კურსის შესაჩერებლად ხელშესახებ და კონკრეტულ ნაბიჯებს. ოთხშაბათს 436 ხმით მომხრე, 145 წინააღმდეგი და 47-ისგან თავის შეკავებით მიღებული რეზოლუცია სრულ სოლიდარობას გამოხატავს ქართველი ხალხის მიმართ, რომლებიც დემოკრატიული უკუქცევის ფონზე აგრძელებენ ბრძოლას ევროპული და დემოკრატიული საქართველოსთვის. თუმცა, ანგარიშში შენარჩუნებულია პარლამენტის წინა პოზიცია საქართველოს პარლამენტისა და მის მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობის არაღიარებასთან დაკავშირებით," - ნათქვამია ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს საკითხზე მომხსენებლის, ევროდეპუტატ რასა იუკნევიჩიენეს ციტატა ერთვის თან.

იუკნევიჩიენეს თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებზე, ევროკავშირის მასშტაბით კოორდინირებული სანქციები მთელი ევროკავშირის მასშტაბით უნდა დაწესდეს.

„ქართული ოცნების რეჟიმი აგრძელებს დემოკრატიული ინსტიტუტების დაშლას, დამოუკიდებელი მედიის გაჩუმებას და რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაოდენობით პოლიტიკური პატიმრების რიცხვს ინარჩუნებს, მათ შორისაა სახაროვის პრემიის ლაურეატი მზია ამაღლობელი. ეს მიუღებელია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისთვის. ახლა ჩვენ უნდა გადავიდეთ ევროკავშირის მასშტაბით კოორდინირებული სანქციების დაწესებაზე იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რეპრესიებსა და სახელმწიფოს ხელში ჩაგდებაზე“, - განაცხადა მომხსენებელმა რასა იუკნევიჩიენემ.

გავრცელებულ ინფორმაციაში საუბარია თურქეთის შესახებაც და აღნიშნულია, რომ ქვეყნის გაწევრიანების პროცესი ჩიხშია, თუმცა თურქეთი ევროკავშირისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხად რჩება.

ევროპარლამენტის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა ამჟამად ახალ იმპულსს იძენს, ევროპარლამენტის წევრების შეფასებით, თურქეთი ამ შესაძლებლობის ფანჯარას ხელიდან უშვებს დემოკრატიული რეფორმების არარსებობის გამო. მიღებულ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ მიუხედავად თურქეთის მთავრობის არაერთგზის განცხადებებისა, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების ერთგულებას ადასტურებს, გაწევრიანების პროცესისთვის დამაბრკოლებელი ძირითადი პრობლემები კვლავ მოუგვარებელია.

ევროპარლამენტის წევრები თურქეთის მთავრობას მოუწოდებენ, აღმოფხვრას ხანგრძლივი ხარვეზები სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, დემოკრატიული სტანდარტების, პრესის თავისუფლებისა და სხვა ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროებში, ასევე პატივი სცეს კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და საერთაშორისო სამართალს.

მომხსენებელმა სანჩო სანჩეს ამორმა განაცხადა: „თურქეთი სწრაფად მიიწევს სრულად ავტორიტარული მმართველობის მოდელისკენ. მთავარი ოპოზიციური პარტიის და მისი ლეგიტიმური ხელმძღვანელობის წინააღმდეგ მიმართული ბოლო საქმე დემოკრატიული პლურალიზმისა და სამართლის უზენაესობის უფრო ფართო ეროზიის კიდევ ერთი მაგალითია. ეს ასევე წარმოაჩენს სასამართლო სისტემის როლს, რომელიც პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება.

ასეთი მძიმე ვითარების ფონზე, ღრმა შეშფოთებას იწვევს ევროკომისიის, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის და წევრი სახელმწიფოების სუსტი რეაქცია. ისინი კვლავ თვალს ხუჭავენ თურქეთში დემოკრატიის დემონტაჟზე.

ეს დუმილი აზიანებს ევროკავშირის იმიჯსა და სანდოობას, ასევე კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირს თურქული საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ყველაზე მეტად პროევროპული და პროდემოკრატიულია. ამ შედეგების გამოსწორებას შესაძლოა წლები დასჭირდეს.“

დღის ამბები