თბილისის საქალაქო სასამართლოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი მიმდინარეობს. პროცესი, რომელსაც თავად გრიგოლ ლილუაშვილი ესწრება, დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
ლილუაშვილის ადვოკატის, ლანა ცერცვაძის თქმით, მტკიცებულება, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას, რომელიმე ეპიზოდთან დაკავშირებით დაადასტურებს, დღემდე წარმოდგენილი არ არის.
დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.
"დღეს სასამართლოში დაიკითხება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც ვფიქრობ, მისი გამოკითხვის ოქმიდან გამომდინარე, მაქვს მოლოდინი, რომ ბრალთან დაკავშირებით მნიშვნელოვან მიაწვდის სასამართლოს. იყო ყოფილი მაღალჩინოსანი, ჰქონდა ხშირი სამსახურებრივი შეხება გრიგოლ ლილუაშვილთან, როგორც ორი საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელს. გარკვეული დეტალებია, რომლის გადმოცემაც მისი მხრიდან საინტერესო იქნებოდა. ამ კუთხით არის ეს ადამიანი გამოკითხული და იგივე შინაარსის კითხვები დაესმება დღეს, ჩემი მხრიდან, ყოველ შემთხვევაში, სასამართლოში," - აღნიშნა პროკურორმა, მარიამ ბერძენიშვილმა.
სუს-ის ყოფილი უფროსი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, რაც 11-დან 15-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.